26 წლის პატიმარი რეზო კიკნაძე, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, თანამებრძოლებს აღდგომას ულოცავს. წერილში, რომელიც მან საპატიმროდან გამოაგზავნა, კიკნაძე წერს, რომ გვერდში დგომითა და რწმენით, ქართველი ხალხი სახელოვნად გაიმარჯვებს.
რეზო კიკნაძის თქმით, ის აღდგომას ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ხვდება, ოღონდ “სხვა ადგილას”.
“ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! წინა წელს ქაშვეთის ეკლესიის წინ შევხვდი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ახლაც თანამებრძოლებთან ერთად ვხვდები, ოღონდ სხვა ადგილას. სანამ გვერდით თანამებრძოლები მეყოლებიან, იქამდე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვება სახელოვანი იქნება. ხანდახან უნდა დაეცე, რათა წამოდგომა ისწავლო, უნდა მოკვდე, რათა აღდგე, აღდგე ჭეშმარიტად და გახდე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!”, – წერს რეზო კიკნაძე.
რეზო კიკნაძე დააკავეს 2024 წლის 6 დეკემბერს. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ის ლისის ტბაზე დააკავეს, მაშინ როცა თავად კიკნაძე აცხადებს, რომ იგი მეტრო „უნივერსიტეტთან“ აიყვანეს, შემდეგ კი ლისის ტბაზე გადაიყვანეს. დაკავების დროს მას სცემეს და აიძულებდნენ ეთქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებით მოქმედებდა. კიკნაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მას მუქარით აიძულეს ეთქვა, რომ ნიკა გვარამიას, გიორგი ჯაფარიძისა და სალომე ხოშტარიას დავალებით მოქმედებდა.
რეზო კიკნაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. დაკავების შემდეგ მან ციხეში შიმშილობა გამოაცხადა სხვა პატიმრებთან, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, სოლიდარობის ნიშნად.
ფორუმი
