სებ-მა არსებობის ისტორიაში ერთ თვეში რეკორდული ოდენობით რეზერვები გაყიდა. 2024 წლის ოქტომბერში რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.08 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ,,საფრთხე რა თქმა უნდა ძალიან დიდია.’’- ასე აფასებს ეკონომისტი დავით კიკვიძე რეზერვების მოცულობის შემცირებას.
,,რეზერვები ეს არის ქვეყნის ბუფერი, რომლითაც ეროვნული ბანკი ემსახურება მთავრობას, სავალუტო ხარჯების თვალსაზრისით. (საერთაშორისო ვალის მომსახურება იქნება თუ სხვა ტიპის სავალუტო ხარჯები). შესაბამისად, ქვეყნისთვის სავალუტო რეზერვების არსებობა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. რეზერვების გახარჯვა საკმაოდ დიდ საფრთხეებამდე მიგვიყვანს, რადგან რაღაც ეტაპზე მთავრობას მოუწევს გარკვეული ვალების მომსახურება. ამ ვალებისთვის მოუწევს დოლარის შესყიდვა, რაც ბაზარზე გამოსვლას გულისხმობს, თუ რეზერვებიდან არ მოხდა ამისი გადახდა. რაც ბაზარზე მაღალ რყევადობას გამოიწვევს.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ ინფლაცია ნარჩუნდება, რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. არასტაბილურ ვითარებაში კი ბიზნესი ცდილობს თავი დაიცვას კურსთა შორის სხვაობის შედეგად გამოწვეული ზარალისგან. დავით კიკვიძის განცხადებით, არასტაბილური პერიოდის გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია კვლავ პრობლემური გახდება. გამოწვევასთან გასამკლავებლად კი მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის მატება.
,,ჩვენი აქილევსის ქუსლია ინფლაცია. ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ლარის კურსი. რადგან დაახლოებით 80% დამოკიდებული ვართ იმპორტზე. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მიბმული ვართ ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ იმპორტიორები ყოველთვის ცდილობენ ე.წ. ბუფერები შექმნან. ეს არის კანონი ბიზნესში, როცა იმპორტიორი ხარ აუცილებლად უნდა გქონდეს ე.წ. დაზღვევის მექანიზმი, იმისთვის რომ გაუფასურებულმა ლარის კურსმა ზარალი არ მოგაყენოს. შესაბამისად, თუ გაგრძელდა არასტაბილური მდგომარეობა და კურსის გაუფასურება ამას პირდაპირ მივყავართ ინფლაციამდე. ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტი არის რეფინანსირების განაკვეთი. როგორც წესი ამ დროს იმატებს საპროცენტო განაკვეთი. ეს როგორც წესი უკვე ეკონომიკის შებოჭვას ნიშნავს და მივყავართ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემომდე.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.