რევაზ სოხაძე თურქეთში მაგისტრალური გზების მშენებლობის სტრატეგიულ პროექტებს გაეცნო

„თურქეთის რესპუბლიკაში გავეცანით მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობებს. მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თურქეთს აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გადავდგამთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით,“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეცნო მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს ადგილზე გაეცნო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ანკარა-ქირიქკალე-დელიჯეს ავტომაგისტრალის (AKDO) მონაკვეთის დათვალიერებას – 120-კილომეტრიანი, ექვსზოლიანი მაგისტრალი რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად დაგეგმილი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს და ზრდის სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას. მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა ლალაჰანის სამშენებლო ობიექტი და დეტალურად გაეცნო პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს.
რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო ანკარას სამხრეთ თურქეთის მიმართულებებთან დამაკავშირებელ ანკარა–ნიღდეს ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძს და თანამედროვე ციფრული კონტროლის სისტემებით აღჭურვილი ფასიანი გზების მონიტორინგის და მართვის ცენტრს.
თითოეულ ობიექტზე გაიმართა პრეზენტაცია, სადაც თურქმა კოლეგებმა ისაუბრეს თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და პროცესების მართვის პოლიტიკაზე.
შეხვედრებზე რევაზ სოხაძემ თურქ კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრ რევაზ სოხაძის შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აბდულკადირ ურალოღლუსთან.
საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს