ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული, მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ისაუბრეს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბანკის მიერ მხარდაჭერილ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ADB-ის საქართველოში სტრატეგიული და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ქვეყნის ინკლუზიურ განვითარებასა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებაში შეაქვს.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა ახალი, მსხვილი პროექტების დაფინანსებისთვის წყალმომარაგების, საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ინგმინგ იანგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობს აბრეშუმის გზის ფორუმში.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს




