ქართველმა ერმა მდიდარი სამართლებრივი კულტურა შექმნა, რომლის უტყუარი გამოხატულებაა ჩვენი პირველი კონსტიტუცია – დღევანდელ ისტორიულ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა აწმყოსა და მომავლის გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს,- ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აამეტყველა და რეალური ძალა შესძინა კონსტიტუციას,-
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს! დღევანდელი დღე ღირსსახსოვარი დღეა, რადგან ის ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილეს. ეს თარიღი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის რათა უფრო მეტად გავიაზროთ და ღრმად გავითავისოთ კონსტიტუციის მნიშვნელობა; ამავე დროს, პატივი მივაგოთ მის დამფუძნებლებს, ვინც მონაწილეობდა ამ დიდებულ საქმეში – ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში მადლიერება გვმართებს მათდამი, საქართველოს ნათელი მომავლის განსაზღვრაში გაწეული ღვაწლისათვის.
საქართველოს კონსტიტუცია დასავლური აზროვნების თვალთახედვითაა შექმნილი. იგი საკონსტიტუციო იდეებისადმი ქართველ მოღვაწეთა სწრაფვისა და ნაცადი დემოკრატიების გამოცდილების გაზიარების შედეგია და ჩვენი ერის თავისუფალი არჩევანის, ეროვნული ღირსებისა და თვითმყოფობის შთაგონებითაა გამსჭვალული. კონსტიტუცია, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად აღიარებს ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, რაც იშვიათია მსოფლიო კონსტიტუციონალიზმში.
ქართველმა ერმა მდიდარი სამართლებრივი კულტურა შექმნა, რომლის უტყუარი გამოხატულებაა ჩვენი პირველი კონსტიტუცია. მისი არაერთი დებულება თავსებადი აღმოჩნდა დღევანდელი კონსტიტუციის რედაქციასთან, რითაც დასტურდება მათი მემკვიდრეობითობა.
კონსტიტუციამ როგორც დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მთავარმა სიმბოლომ, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი შექმნა, გააძლიერა და განამტკიცა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, მყარი ნიადაგი შეუქმნა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.
საქართველოს კონსტიტუცია 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა, რაც ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯია. საფუძვლიანად დაიხვეწა სახელმწიფო მმართველობის ფორმა, საგრძნობლად გაფართოვდა უფლებათა სფერო. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან, რომელმაც მას სიმტკიცე შესძინა და ის კვლავ დგას როგორც თავისუფალი საქართველოს მესაძირკვლე.
ჩვენი ვალდებულებაა კონსტიტუციის ერთგულება, მისი ფუნდამენტური ფასეულობების განუხრელი დაცვა, რასაც ემყარება სამართლის უზენაესობის პრინციპი. კონსტიტუცია სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს, თავისუფალი საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, დემოკრატიულ ღირებულებათა ქმედითობის აუცილებელი პირობაა.
საქართველოს კონსტიტუციამ დასაბამი მისცა ჩვენში ახალ სამოსამართლო სისტემის – საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, რომელმაც მისეული სტანდარტების დამკვიდრებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონსტიტუციური წყობის მორალური საწყისის – ადამიანის ღირსების დაცვასა და კონსტიტუციის უზენაესობის განმტკიცებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აამეტყველა და რეალური ძალა შესძინა კონსტიტუციას. სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა კონსტიტუციის განმარტებისა.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადამწყვეტი როლი შეასრულა კონსტიტუციისადმი საზოგადოების რწმენის გაძლიერებაში. ამავე დროს, მან სამართლის სისტემის წარმატებული ფუნქციონირების საფუძველი შექმნა, რითაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საკონსტიტუციო სივრცეში.
დღევანდელ ისტორიულ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა აწმყოსა და მომავლის გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს.
ჩვენი კონსტიტუციის 30 წლიანი არსებობა უკვე თავისთავადი აღთქმაა ღვთისა და ერის წინაშე, რომ საქართველო შეუქცევადი დემოკრატიის მტკიცე ერთგულია.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს“,-აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
