„თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრის, რევაზ აფხაზავას განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები საქართველოს განათლების სისტემასთან მიმართებით არათანმიმდევრული და დამაზიანებელია.
აფხაზავამ აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ გააკეთა, რითაც შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არ გაერთიანების გადაწყვეტილება.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებაზე უარი ითქვა, ხელისუფლებამ ფაქტობრივად დააანონსა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, რაც სტუ-სთვის პოზიტიურ გადაწყვეტილებად ვერ შეფასდება.
„ე.წ. ხელისუფლების არათანმიმდევრულობა არის საარაკო. ასევე, არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს ბედნიერი, რადგან გაერთიანებაზე ითქვა უარი, სამაგიეროდ, დაანონსდა სტუ-ს გაუქმება. ამავე დროულად, 90-იანებში დაბრუნებაც გამოცხადდა. ვისაც ახსოვს 90-იანი წლებში როგორი იყო საქართველოს განათლების სისტემა, არ მგონია, ვინმეს უნდოდეს იქ დაბრუნება.
15 წელია საქართველოში განათლების დაფინანსება არც შეცვლილა. მაშინ რომ დადგინდა ერთ სტუდენტზე 2 250 ლარი დღემდე ფასი არ შეცვლილა. სტუ-მ მაშინ გახსნა სოციალური – პოლიტიკური მიმართულებები, რადგან შეენარჩუნებინა და ერჩინა ტრადიციული მიმართულებები. ეს ხალხი ისე გველაპარაკება, თითქოს, წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მანამდე ჩვენ ვიყავით“, – განაცხადა აფხაზავამ.
მისი თქმით, ჰუმანიტარული მიმართულებების გაუქმებისა და პროფესორების საკითხთან დაკავშირებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია და გაუგებარია.
აფხაზავას შეფასებით, „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქის“ მიდგომა დამღუპველია და საბოლოოდ, უმაღლესი განათლების სისტემის დასუსტებას ემსახურება.
ამასთან, აფხაზავამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები პროტესტის ეფექტიანობას ადასტურებს და ხელისუფლების ნაბიჯები ტაქტიკურ უკან დახევად უნდა შეფასდეს.
„მე ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად. წარმომიდგენია იმ პროფესორებმა როგორ იგრძნეს. დასცინეს, გაანადგურეს და შემდეგ თქვეს, რო სტუ-ს ჰუმანიტარული მიმართულებები დაჩაგრული ჰყავსო. ახლა ამბობენ ჰუმანიტარულ მიმართულებებს საერთოდ გავაუქმებთო, პროფესორებს არ გავუშვებთო. რანაირად?
ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი რასაც ნიშნავს, ეს არის მთავარი დამღუპველი. სინამდვილეში მათი მთავარი მიზანია, უმაღლესი განათლების დასამარება, რასაც ესენი აღწევენ.
ესეც არის მაგალითი იმისა, რომ პროტესტს აქვს აზრი და შედეგი, ეს არის ტაქტიკური უკან დახევა“, – განაცხადა აფხაზავამ.




