რეესტრმა საბოლოოდ დაარეგისტრირა „ალტ-ინფოს“ პარტია

პარტიის გაუქმებისა და დოკუმენტაციის მრავალგზის დახარვეზების შემდეგ, საჯარო რეესტრმა საბოლოოდ დაარეგისტრირა „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა იქნება.

„ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით. მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს. ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს. ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს… შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება“, — წერს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო.

ალტ-ინფოს პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმეს. მაშინ საჯარო რეესტრმა საფუძვლად მიუთითა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა, რომელმაც, თავის მხრივ, დაადგინა, რომ პარტიის სარეგისტრაციო მონაცემები ხარვეზით იყო წარდგენილი. ამის შემდეგ, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია აჩუქეს და ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართული იდეის” სახელით მიიღებდნენ. თუმცა, მალევე, საჯარო რეესტრმა “ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო. მიზეზად მაშინაც ტექნიკური ხარვეზი დასახელდა. ალტ-ინფოში აცხადებდნენ, რომ ქართულ ოცნებას” არ სურდა მათი არჩევნებზე დაშვება, რათა მათი ამომრჩევლების ხმები მოჩვენებითი კონსერვატორული რიტორიკის ფონზე თავად მიეღო.

საბოლოოდ, ალტ-ინფოს ლიდერებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა “პატრიოტთა ალიანსის” სახელით მიიღო.

ამის შემდეგ, „ალტ-ინფომ“ დაიწყო ახალი პარტიის რეგისტრაციის პროცესი, თუმცა საჯარო რეესტრმა დოკუმენტები რამდენჯერმე დაუხარვეზა.