„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას უკანონოდ აჭიანურებს.
„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობამ ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი 23 აპრილს აირჩია. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 30 აპრილს მიმართა, თუმცა სააგენტოს ეს პროცესი დღემდე არ დაუსრულებია.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ამით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას.
ორგანიზაციის ცნობით, „სამართლიანი არჩევნების“ 30 აპრილის მიმართვის შემდეგ, 1 მაისს სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და ორგანიზაციას ხარვეზი დაუდგინა, რომელიც მეორე დღესვე, 2 მაისს, სრულად იქნა აღმოფხვრილი.
„სააგენტო ვალდებული იყო, ხარვეზის აღმოფხვრიდან მეორე დღეს გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად ამისა, ამ უწყებას 14 მაისამდე არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ხოლო 14 მაისს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, მან კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და ახალი ხარვეზი დაადგინა, რომელიც, ასევე მეორე დღეს – 15 მაისს სრულად იქნა გამოსწორებული.
მიუხედავად ყველა ხარვეზის დროულად და სრულყოფილად აღმოფხვრისა, სააგენტო დღემდე კანონმდებლობის უხეში დარღვევით არ ასრულებს სარეგისტრაციო წარმოებას და არ ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციას. სარეგისტრაციო წარმოების უკანონოდ გაჭიანურება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და ნორმების უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სააგენტოს მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის ხელოვნური და უკანონო გაჭიანურება ხელს უშლის ორგანიზაციის სრულყოფილ ფუნქციონირებას.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნება” ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს სხვადასხვა ხერხით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს, შეუზღუდოს საქმიანობა, „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ სააგენტოს აღნიშნული ქმედება სცდება სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს იღებს“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
