რეფორმა დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის სექტორისგან სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს – ასე აფასებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი, მიხეილ ჯაფარიძე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სექტორში რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემის დანერგვას გულისხმობს.
„ეს მნიშვნელოვანი სიახლეა. ზედამხედველი ამ ყველაფრის დანერგვას, პირველ რიგში, მმართველობითი კომპონენტით იწყებს, რასაც შემდეგ ფინანსური ნაწილი მოჰყვება. არ დაგიმალავთ, საკმაოდ რთულია, არ არის მარტივი და ინდუსტრიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამასა იქნება,“ – ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
„არდის“ ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ბალანსი რეგულაციასა და განვითარებას შორის. მიხეილ ჯაფარიძის აზრით, ფინანსური მდგრადობის მოთხოვნების ზრდასთან ერთად, აუცილებელია ბაზრის განვითარების ხელშემწყობი სტიმულების არსებობაც.
მისივე თქმით, რეგულაციების სიმკაცრე პროპორციული უნდა იყოს ბაზრის რეალური ზრდისა და პენეტრაციის მაჩვენებელს შორის.
„მხოლოდ რეგულაციის მიმართულებით აქტივობა რამდენად სწორი იქნება, არ ვიცი. ცალსახად სწორია, რომ სადაზღვევო კომპანია ფინანსურად სუპერ მდგრად ფორმაში იყოს, მაგრამ რეგულაციის დონე და სიხისტის მაჩვენებელი ბაზრის განვითარებას გარკვეული პროპორციით უნდა მიჰყვებოდეს. ნებისმიერი საზედამხედველო მოთხოვნის ზრდა კომპანიების მხრიდან ინვესტიციას ნიშნავს, ინვესტიცია კი მაშინ არის გამართლებული, როცა არსებობს სტიმულები და უკუგება,“ – ამბობს ჯაფარიძე.
ის ასევე, დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ზედამხედველი რეფორმას მმართველობითი ნაწილით იწყებს, რაც კომპანიებს მოსამზადებლად „სასუნთქ ადგილს“ უტოვებს. მისივე თქმით, სექტორი მუდმივ კოორდინაციაშია მარეგულირებელთან და ფინანსური გუნდები აქტიურად არიან ჩართულნი იმპლემენტაციის პროცესში.
დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური სადაზღვევო სექტორში რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემის შემოღებას გეგმავს. სისტემა სექტორში ახალი საზედამხედველო მიდგომების დანერგვას ითვალისწინებს.
სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ახალი მოდელი სამ ძირითად სვეტს ეყრდნობა: 1)გადახდისუნარიანობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება. 2)მმართველობითი ფუნქციის გაუმჯობესება: რომელიც მართვის და შიდა აუდიტის გაძლიერებას მოიცავს 3)გამჭვირვალობა – რაც ანგარიშგების ახალი ფორმების შემოტანას და საჯაროობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
რეგულაციების დანერგვა კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული – ძირითადი დანახარჯები გაციფრულებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაზე მოდის. სექტორის წარმომადგენლების აზრით, გაზრდილი ხარჯები, მომავალში, შესაძლოა, სადაზღვევო პოლისების ფასზეც აისახოს.
bm.ge




