რეგულარულად უნდა ვრცელდებოდეს ინფორმაცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებისას რისკების შესახებ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომლითაც რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ის წერს, რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის პრევენციული საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადგილზევე:
„პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან.
ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა, მაგრამ საჭიროა, აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი, წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა)“, – წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.