რეგისტრაციაზე მე-7 უარის შემდეგ, საჯარო მოხელეთა პროფკავშირს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივარი შეაქვს

საჯარო მოხელეთა პროფკავშირი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს. ისინი რეაგირებას ითხოვენ პროფკავშირის ოფიციალურად რეგისტრაციაზე უარის გამო.
დღეს, 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანების წარმომადგენელმა, კახი სამხარაძემ განაცხადა, რომ უწყებისგან რეგისტრაციაზე უარი უკვე 7-ჯერ მიიღეს. უარის მიზეზები, ძირითადად ტექნიკური და ბიუროკრატიული ხარვეზებია. თუმცა, გაერთიანების წევრები და მათი უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ მიზეზი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა.
“უკვე მეშვიდედ გვითხრეს რეგისტრაციაზე უარი. ამის საბაბები, რომლებიც საჯარო რეესტრმა და ზოგადად, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, არის ყოვლად მიუღებელი სამართლებრივი თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ გუშინ უკვე გავაგზავნეთ განაცხადი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში და მოვითხოვთ შესაბამის რეაგირებას”, – განაცხადა კახა სამხარაძემ, გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა.
მათ ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) იცავს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეგა გიგაურის ინფორმაციით, მათ მიერ აღწერილია საჯარო სამსახურთან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 400-მდე შემთხვევა. გიგაური ამბობს, რომ ყოველდღიურად არაერთი საჯარო მოხელე მიმართავს დახმარების თხოვნით.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ძალიან ბევრ საჯარო უწყებაში ხდება რეორგანიზაცია, ძალიან ბევრი ადამიანი გამოუშვეს უმიზეზოდ და ამას ყველაფერს ემატება ის, რომ საჯარო რეესტრი არ არეგისტრირებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და ჩვენი შეფასებით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი უკვე რამდენჯერმე ცდილობდა ამ ორგანიზაციის დარეგისტრირებას, აბსოლუტურად უმიზეზოდ, მათ უარს ეუბნება საჯარო რეესტრი და პირველი ასეთი მცდელობა იყო 25 დეკემბერს”, – განაცხადა გიგაურმა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალური განმარტება მათ რეგისტრაციის მსურველებს წერილობით მიაწოდეს. გარდა ამისა, უწყებაში გვითხრეს, რომ შესაძლოა უფრო ვრცელი ახსნა-განმარტებაც გააკეთონ, თუმცა ამ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.
დოკუმენტი, რომელზეც უწყებამ მიგვითითა არის ოფიციალური პასუხი პროფკავშირის მიერ მე-6 საჩივარზე. როგორც რეესტრი პროფკავშირის დაფუძნების მსურველებს წერს, მათ მიერ შერჩეული სახელწოდება “„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი” მსგავსია სხვა, უკვე არსებული ორი ორგანიზაციის სახელისა. ესენია:
· “საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი”,
· საქართველოს სახელმწიფო საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებების და საზოგადოებრივი მომსახურების პროფკავშირი;
რეესტრში ამბობენ, რომ მსგავსი სახელწოდებით კიდევ ერთი ააიპ-ის რეგისტრაციამ, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს “მესამე პირები”.
“ვინაიდან, სუბიექტის რეგისტრაციას აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა და იგი ექცევა სახელმწიფოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირები ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის გამო”, – წერია დოკუმენტში.
მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა პროფკავშირების დაფუძნების შესახებ გასული წლის ბოლოს განაცხადეს. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეთა შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები დააანონსა.
“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვას; საჯარო მოსამსახურეების სამუშაო პირობების, ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ხელშეწყობას; საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარებისა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას და ადვოკატირებას; საჯარო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის სტანდარტების ამაღლებას, ახალი უნარების შეძენის ან გადამზადების თვალსაზრისით თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებების უზრუნველყოფას“, – აცხადებდნენ დამოუკიდებელი პროფკავშირის დამფუძნებლები.