რეგიონული ლიგის ფინალში, ოზურგეთის ‘არწივებმა’ გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ 23:3 დაამარცხა და პირველ ლიგაში აღზევდა.
ოზურგეთელები იქ ჭიათურის ‘მათეს’ ჩაანაცვლებენ, რომელმაც თავის მხრივ პირველი ლიგის რეგულარული გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულეს. ‘ქვემო ქართლი’ პირველი ლიგის საგზურისთვის ჯერ კიდევ იბრძოლებს. ისინი მე-9 ადგილოსან სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში (28-29 მარტი, 4-5 აპრილი) ორრაუნდიან ფლეი ოფს გამართავენ.
გორში გამართული ფინალის პირველ ტაიმში ოზურგეთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ისინი განსაკუთრებთ შერკინებაში დომინირებდნენ და დებიუტშივე ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ – მამუკა ჩანჩიბაძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ფრთაზე საკიუსა ტუვაი ნარეკიმ დაამიწა. ‘არწივებმა’ უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, მერე კი ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო როპატე რერემ მიითვალა – 13:0.
მეორე ტაიმი ‘ქვემო ქართლმა’ უკეთ ჩაატარა და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ‘არწივებმა’ ჯარიმით მალევე უპასუხა. ქართლელებმა რამდენჯერმე შეძლეს მეტოქის 22-ში შესვლა, მაგრამ ‘არწივებმა’ თავი დაიცვა, 73-ე წუთზე კი ხელდახელ შეტევა რერეს მეორე ლელოთი დასრულდა, გარდასახვა ზუსტი იყო და ოზურგეთელებმა ფინალური მატჩი 23:3 მოიგეს.
Rugby.ge