რეგიონებში სასტუმროები ქონების გადასახადს სეზონურად უნდა იხდიდნენ – სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი (BM.GE)

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, ბრენდირებული და არაბრენდირებული სასტუმროების გამიჯვნა არ უნდა მოხდეს და სახელმწიფომ მათი მხარდაჭერა თანაბრად უნდა განახორციელოს. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ ეკონომიკის მინისტრს ბიზნესმა ბრენდული სასტუმროების სუფსიდირება სთხოვა – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განხილული საკითხებიდან ერთ-ერთზე საჯაროდ ლაშა პაპაშვილმა ისაუბრა.
სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელი შალვა ალავერდაშვილი კი აღნიშუნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი საგადასახადო შეღავათების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც რეგიონებში სეზონზე მომუშავე სასტუმროებს მნიშვნელოვნად დაეხმარება. უფრო კონკრეტულად საუბარია ქონების გადასახადზე, რომლის გადახდაც ალავერდაშვილის შეფასებით, მხოლოდ იმ პერიოდში უნდა ხდებოდეს, როცა სასტუმრო მუშაობს და არა მაშინ როცა არა სეზონურობის გამო დაკეტილია.
“არასწორად მიმაჩნია ქონების გადასახადის არსებობს იმ რეგიონებში, სადაც სეზონი 3-4 თვეა. ევროპულ ქვეყნებში სეზონი ნიშნავს არა იმას, რომ წყალი გათბა და ჩავხტით, არამედ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების და დამთავრების პერიოდს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მაგალითად ქობულეთში, ნოემბერში, როცა სეზონი არ არის გადასახადს ადამიანი არ უნდა იხდიდეს. უნდა გავმიჯნოთ, სასტუმროებმა ქონების გადასახადი იმ პერიოდზე უნდა გადაიხადონ, როცა ოპერირებს”, – ამბობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
ჰოტელიერის თქმით, იმისთვის, რეგიონებში სასტუმრო ბიზნესი განვითარდეს, ინფრასტრუქტურული მზაობაა საჭირო, რაც ბევრ რეგიონში გამოწვევად რჩება.