ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე:
რა სიტუაცია დაგხვდათ რეგიონებში? მე ჩემსას მოვყვები, თქვენ თქვენი დაწერეთ.
ლეჩხუმში ვიყავი და ვნახე ის, რაც ისედაც ვიცოდი, თუმცა ამ ყველაფერთან პირისპირ შეჯახება მაინც ძალიან მტკივნეული იყო. ეს ხალხი ჩემი ხალხია და მიყვარს. მიყვარს იმის მიუხედავად, რას ფიქრობენ. ადამიანები მთლიანად პროპაგანდას ყავს შეჭმული. კაცი, რომელიც სოციალურ შემწეობაზეა მთლიანად, ჯამში სულ 5 კბილი თუ ექნება და 60 წლის ასაკში უკვე ჯოხით ძლივს გადაადგილდება, რადგან სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების საშუალება არ აქვს, სრულიად გულწრფელად მიმტკიცებდა, რომ ბრწყინვალე ცხოვრება აქვს, რომ მშვიდობაა, რომ “აბა, გვარამია მინდა?”, რომ “ვიცი, რომ ხაზარაძე მიშაზე უარესია?”, რომ “ნაცები და დიფ-სთეითია დასამარცხებელი” და ა.შ. ადამიანების ამ ნაწილს არ სურს სიმართლის მოსმენა, რადგან ძალიან მტკივნეულია იმის აღიარება, რომ ატყუებენ, გაბრიყვებულის როლში ყოფნა არ უნდათ. ფიქრობენ, რომ ქუჩაში ვინც დგას, საქმე არ აქვს და “ხიხია”, რომ კონკრეტულად მას და მის ოჯახს არავინ შეეხება, რადგან არაფერს აშავებს, რომ უვიზოს არავინ შეაჩერებს და კიდეც რომ შეჩერდეს, არა უშავს, თავად ისე დაბერდნენ, თავიანთ სოფელს არ გასცილებიან და ვერ არიან კარგად? არ უნდათ მოსმენა, რომ ეს არ არის კარგად ყოფნა, რომ იმ მდგომარეობას, რომელშიც არსებობა უწევთ, არ ჰქვია ცხოვრება. ხალხის მეორე ნაწილი გისმენს, ნაწილობრივ გეთანხმება და ოხრავს. ისინი ვერ ხედავენ წინ სინათლეს, ვერ ხედავენ ლიდერებს, ვისაც ენდობიან და რაც მთავარია – არ სჯერათ, რომ თავად შეუძლიათ რამის შეცვლა. ადამიანები საკუთარი უძლურების შეგრძნებასა და ინფორმაციულ ვაკუუმში იხრჩობიან. ასე პარალიზებულთა რაოდენობა არის ძალიან დიდი. მათ აქვთ უზარმაზარი ძალა და რესურსი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ ამას. არის მესამე ნაწილიც, ვისაც უკვე ხელი ჩაქნეული აქვს და საბუთებს ამზადებს, რომ წავიდეს. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ წასვლა. ადამიანები სამუდამოდ გადასახლებაზე ფიქრობენ, ოჯახებით ემზადებიან და ზუსტად იციან, რომ უკან არასდროს მოიხედავენ. ერთმა მითხრა, ჩემი მშობლები შეიწირა ამ ქვეყანამ, მე რეალიზება ვერასდროს მოვახერხე აქ და შვილებს აღარ შევაჭმევინებო. ადამიანს, რომელიც არსებობისთვის ბრძოლაშია ჩაბმული, არ აქვს არც დრო და არც ინტელექტუალური რესურსი დეზინფორმაციის ამხელა ნაკადს ებრძოლოს, არ ფლობს მედიაწიგნიერების საფუძვლებს, რომ გაარჩიოს რას ატყუებენ პროპაგანდისტები და როგორ მოიძიოს სიმართლე, არ აქვს არც ისტორიული მეხსიერება, არც აკადემიური განათლება იმ დოზით, რომ კრიტიკული აზროვნება ჩამოუყალიბდეს. თუ მათ “ბნელებს”, “ბიომასას” და ათას საზიზღრობას დავუძახებთ, პირდაპირ ვკრავთ ხელს და ვაგდებთ პროპაგანდის ხელში. გინდა, არ გინდა, ასეთია ვითარება და ასეთები არიან ჩვენი ნათესავები, ახლობლები, ჩვენები. ასე მოხდა იმიტომ, რომ თავიდანვე არ დავეხმარეთ, არ ველაპარაკეთ, არ ავუხსენით ყველაფერი იმ იმედით, რომ თავად იზამდნენ ამას. ვერ ქნეს, ვერ მოახერხეს. რას ვშვებით ახლა? გავაგრძელოთ ძახილი, რომ “ბნელები”, “ჩამორჩენილები” და ნაძირლებისგან მოტყუებულები არიან, თუ მოთმინებით და დეტალურად ავუხსნათ სად და როგორ ცდებიან? ხალხის დიდი ნაწილი არ არის ხელისუფლების მომხრე, ერთეულების გარდა, რომელიც ან პროპაგანდის მსხვერპლია, ან ვიწრო მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს, არავინ ამბობს, რომ მმართველი გუნდი კარგია და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საზოგადოების დიდი ნაწილი არის აპათიაში და ყოველ დღე უფრო მეტად იხლართება.
რას ვშვებით?
