გადაცემა “რეალური სივრცის” გუნდი საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივის და გადაცემის აღდგენას ითხოვს.
“დღეს დავარეგისტრირეთ სარჩელი “რეალური სივრცე” 1tv.ge -ის უკანონოდ დახურვის გამო. საზმაუს “წინააღმდეგ”, უფრო სწორად საზმაუსთვის!”, – დაწერა გადაცემის კორესპონდენტმა თამარ მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში.
მანამდე, 11 აპრილს, “რეალური სივრცის” წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მასთან ერთად გაათავისუფლეს წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც.
ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და სარედაქციო პოლიტიკას. ორივე მათგანი საუბრობს მაუწყებელში პოლიტიკურ გავლენებზე.
ნინო ზაუტაშვილმა ჩამოთვალა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც საზ. მაუწყებლის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილთან ერთად შეხვდნენ მას და გააცნეს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.
“ორმოცი წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პატარა წყვეტა მქონდა შუაში, 8- წლიანი. დანარჩენი, სრული 40-წელი გავატარე [მაუწყებელში]. ზუსტად ორი წუთის წინ [19:02 საათი] საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაელოვნამ და თამარ შუბლაძემ მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და, სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო.
[…] დისციპლინური მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს სამსახურიდან, ოღონდ დისციპლინური მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია”, – ჰყვებოდა ზაუტაშვილი.
ის ამბობდა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.
გადაცემა საბოლოოდ 30 აპრილს დახურეს და თანამშრომლებს შესთავაზეს, არხის სხვადასხვა გადაცემაში “გადანაწილება” და დასაქმება.
5 მაისს. „რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდმა უარი თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადაცემის დახურვის შემდეგ მაუწყებლის სხვადასხვა არხებსა და გადაცემებში მუშაობაზე.
