აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კვლავ განაცხადა, რომ “აგენტების კანონის” მიღებით საქართველოში “რეალური პოლიტიკური შედეგებია” მოსალოდნელი და, რომ ეს “არაა მხოლოდ რიტორიკა”. ამის შესახებ მან 5 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა.
მილერის განცხადებით, აშშ-ში განიხილავენ, როდის და როგორ დააწესონ სანქციები.
“ორ კვირაზე ნაკლები დრო გავიდა, რაც გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მიიღო [“აგენტების”] კანონი. აქ რეალურად არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არა მხოლოდ რიტორიკა. ეს ეხება დახმარების ოდენობას, რასაც ვუწევთ საქართველოს – დაახლოებით $390 მილიონია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტით, ასევე, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს, რის შესახებაც გამოვაცხადეთ. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ და როდის დავაწესოთ ისინი. ასე, რომ თქვენ კიდევ ბევრს მოისმენთ ჩვენგან ამ თემაზე, მაგრამ დღეს ამისთვის მზად არ ვარ”, – განაცხადა მილერმა და დაამატა, რომ საბოლოო ჯამში, ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიიღებს გადაწყვეტილებას მათივე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზეც თქვა, რომ “აგენტების კანონის” მიღების პასუხად, საქართველოში ინდივიდუალური სანქციები “ჯერ” არ გამოცხადებულა, თუმცა “არ იყოყმანებენ”.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.
ფორუმი