„რეალურად უმუშევრობა კი არა, დასაქმებულების რაოდენობა მცირდება ქვეყანაში“

„რეალურად უმუშევრობა კი არა, დასაქმებულების რაოდენობა მცირდება ქვეყანაში. შარშან უფრო მეტი ადამიანი მუშაობდა, ვიდრე მუშაობს წელს“, – ასე ეხმაურება „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველები საჯარო სამსახურებში შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად ვეღარ დასაქმდებიან.
როგორც რესან ქიქავამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ დასასაქმებელი პირების საქართველოდან გადინება ხდება.
„რეალურად უმუშევრობა კი არა, დასაქმებულების რაოდენობა მცირდება. ასეთი მოცემულობას გვაქვს. უფრო მეტი ადამიანი მუშაობდა შარშან, ვიდრე მუშაობს დღეს. უმუშევრობა შემცირდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალა არის ნაკლები. ქვეყნიდან ხდება გადინება ადამიანების, რეალური სამუშაო ძალის და უმუშევრობაც ამის კვალობაზე მცირდება. თუნდაც მათი სტატისტიკის მიხედვითაც, რომელსაც მე პირადად არანაირად არ ვენდობი. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ერთი ვერტიკალი, ერთ ვერტიკალშია მოქცეული ხელისუფლება, სადაც არ არსებობს არანაირი ერთმანეთის შემოწმების და დამაბალანსებელი ინსტიტუტი. ასეთი ტიპის სახელმწიფოში ნებისმიერი სახის განცხადება და ინფორმაცია არის არასანდო. ემსახურება მხოლოდ ერთ ინტერესს და არა საზოგადო ინტერესს“, – აცხადებს რესან ქიქავა.
წამყვანის კითხვის საპასუხოდ, როგორია მისი შეფასება პრემიერ-მინისტრის ოპტიმისტურ ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით, ქიქავა აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის პროგნოზი, რადგან არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ამას შეამოწმებს.
შეგახსენებთ, კობახიძის განცხადებით, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა 7.2%-ს, მშპ-ის კი 100 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
„მათ შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი განცხადება იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელმაც შეიძლება შეამოწმოს ეს განცხადება. რატომ არა 200, რატომ არა 10%-იანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ის ენდობა სწორედ იმ ინფორმაციას, რომელსაც აწვდის ასეთი ტიპის სახელმწიფო.
ავტოკრატიულ სახელმწიფოებში ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჟღერდება, არის კარგად დამუშავებული და ემსახურება მხოლოდ ერთ ინტერესს. ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ესაა, რის წინააღმდეგაც ყველა მოქალაქე უნდა გამოდიოდეს. ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება ფაქტობრივად, არის სიბნელეში ყოფნა. არანაირი წარმოდგენა არ გაქვს რეალურად რა ხდება. მათ შორის, გამონაკლისი არაა არც ეკონომიკა, რადგან ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ასეთი ტიპის სახელმწიფო აკეთებს პედალირებას. ნახეთ, სამაგიეროდ ეკონომიკა როგორ იზრდება. თავისუფლების ნაწილში შეიძლება იყოს რაღაც კითხვები, მაგრამ აბა ეკონომიკას შეხედეთ. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ განსაკუთრებული ინტერესია მოგვაწოდონ ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც მათთვის ხელსაყრელია“, – აცხადებს ქიქავა.