„რეალურად ბარს ტურისტი არ ჰყოლია, აქედან გამომდინარე სასტუმროები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ“

„რეალურად ბარს ტურისტი არ ჰყოლია, აქედან გამომდინარე სასტუმროები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, დეკემბრიდან ტურისტებმა თავი გუდაურში მოიყარეს, ამ პერიოდში მხოლოდ გუდაურის სასტუმროებმა იმუშავა.
„გუდაურის ტურისტების რაოდენობით მიჰყვა ბაკურიანი და გოდერძი. ამ კურორტებმაც ნორმალურად იმუშავეს, მაგრამ არ იყო ისეთი ძლიერი ნაკადი, როგორიც იყო გუდაურში. გუდაურმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ნებისმიერი სასტუმრო დაადასტურებს, რომ მუშაობის კარგი მაჩვენებელი ჰქონდათ.
რაც შეეხება მომსახურებას, ზამთრის კურორტებზე წელს ფასები 20-24%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. დატვირთულობის პროცენტმაც მოიმატა, ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში შარშანდელი 67%-დან 88%-მდე ავედით“, – განაცხადა მურაჩაშვილმა.
თუმცა მისივე თქმით, სამწუხაროდ, ძალიან გაუჭირდა ბარს – ქუთაისს, თბილისს, ასევე კახეთს.
„ქუთაისის სასტუმროებში ძალიან მძიმე სიტუაცია გვქონდა. 2023-2024 წლებში 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები ძირითადად კონფერენციებზეც და შიდა ბიზნეს ტურიზმზე ვმუშაობდით, ამ სეზონზე კი ეს მთლიანად ჩაიხსნა. უცხოელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ, ცდილობდნენ, რომ აეროპორტშივე ექირავებინათ ტაქსი და წასულიყო სამთო კურორტზე. რეალურად ბარს ტურისტი არ ჰყოლია, აქედან გამომდინარე სასტუმროები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.
შეჯამებისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთის კურორტებისთვის იყო ძალიან კარგი სეზონი, თუმცა თუ გადავხედავთ წინა სეზონებს, ეს მაინც ნაწილდებოდა ბარსა და მთას შორის. მოგზაური, რომელიც მოფრინავს სათხილამუროდ, ერთი ღამით მაინც ჩერდება იმ ქალაქში, სადაც ჩამოდის, რათა დაათვალიეროს და მერე მიდის სამთო კურორტზე. უკან დაბრუნებისას კიდევ ერთი ღამე ჩერდება ქალაქში და შემდეგ ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. წელს ზამთრის კურორტების ღამისთევის რაოდენობა გაგვეზარდა, სამაგიეროდ, ბარს მოაკლდა, აქედან გამომდინარე აბსოლუტურ დონაციაზე გადავიდნენ სასტუმროები.
დეკემბრიდან, ჩემს შემთხვევაშიც, ქუთაისის სასტუმრო აბსოლუტურ დონაციაზე გადავიდა, ეს ის პერიოდია, როცა ოპერაციულ ხარჯსაც ვეღარ წევს სასტუმრო, არ ვსაუბრობ ბანკების მომსახურებაზე, ძალიან ცუდი სეზონი დადგა.
დღევანდელი მონაცემით, წინსწრებით გაკეთებული ჯავშნები, მესტიის, გუდაურის და ქუთაისის სასტუმროში გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ სეზონს. მოლოდინი უფრო პოზიტიური გვაქვს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 30-40%-ით არის მოთხოვნა გაზრდილი, ზოგიერთი სასტუმროს შემთხვევაში ადგილებიც აღარ გვაქვს. ზაფხულის ჯავშნებს არ ვუჩივით, წესით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მურაჩაშვილმა.