„რეალს“ ფლორიან ვირცის შესაძენად საკუთარი სატრანსფერო რეკორდის გაუმჯობესება მოუწევს

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა „ლევერკუზენის“ ვარსკვლავი ფლორიან ვირცი. კილიან მბაპესგან განსხვავებით, ესპანეთის ჩემპიონი ვერ შეძლებს გერმანელი ფეხბურთელის უფასოდ მიღებას და, შესაძლოა, საკუთარი სატრანსფერო რეკორდის დამხობაც კი მოუწიოს.
ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იწერებოდა ვირცის „რეალში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ. მართალია, ფეხბურთელიც არ იყო ტრანსფერის წინააღმდეგი, მაგრამ ის მაინც „ლევერკუზენში“ დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ შემტევი ნახევარმცველის მამა უარყოფდა ჭორებს იმის შესახებ, რომ მისი ვაჟი განიხილავს „რეალისგან“ წინადადებას, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში კვლავაც სურთ ვირცის შეძენა.
გერმანელი ჟურნალისტის კრისტიან ფალკეს ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ პოზიცია საკმაოდ მკაცრი იქნება და ის არ შეელევა თავის ლიდერს 150 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად.
თუ მადრიდის „რეალი“ მზად იქნება ამგვარი თანხის გადასახდელად, მომავალი ტრანსფერი ყველაზე ძვირად ღირებული იქნება კლუბის ისტორიაში. ამ მომენტისთვის, „რეალის“ ყველაზე ძვირი შენაძენია ედენ აზარი, რომელიც 2019 წელს „ჩელსიდან“ „სამეფო კლუბში“ 120.8 მილიონ ევროდ გადავიდა.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ