“რა 15 წელი, შვილი მომიკლა… მოვკვდები, შევეწირები” – მამუკა ლომიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ფოტო – ტვ პირველი
ვაკეში მოკლული მამუკა ლომიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ 25 წლის ბიჭის დედამ სასამართლოს დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ოჯახი სირაძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ კი დაკავებულს 15 წელი მიუსაჯა.
არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს. ვერ ვაპატიებ ვერაფრით. ღირსია, სამუდამო უნდა მიუსაჯონ. როგორ არ მიუსაჯეს, რა 15 წელი, როგორი შვილი მომიკლა. არარსებობს, გავსაჩივრებ, მოვკვდები, შევეწირები. უნდა შეცვალონ გადაწყვეტილება, შანსი არაა. ეგ არის საზოგადოებისთვის საშიში, ჩემი შვილი უნდა იყოს ბოლო… ეგ კაცი არ არის, დილით მაგის შვილს ეფერებოდა ჩემი შვილი და საღამოს შვილი მომიკლა, ეგ კაცია?”, – ამბობს მოკლულის დედა.
25 წლის მამუკა ლომიძის განზრახ მკვლელობისთვის მოსამართლემ დაკავებული ბაჩო სირაძე 15 წლიან პატიმრობაში გაუშვა. ხოლო მეორე ბრალდებულს, მძღოლს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დღევანდელ პროცესზე ბაჩო სირაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ვაკეში მომხდარი დანაშაული ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა არ იყო, შესაბამისად 109-ე მუხლი გადააკვალიფიცირა და სირაძეს 15 წლიან პატიმრობა შეუფარდა. მას სასამართლოზე დუმილი არ დაურღვევია და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.