რა ჯდება 1 ჰა მიწის დამუშავება – სიმინდის, კარტოფილის, ლობიოს და ხორბლის დათესვისას

მიწის დასამუშავებლად საჭირო თანხის ოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მატულობს, შესაბამისად გლეხს ყოველ სეზონზე დანახარჯები მკვეთრად ეზრდება.
„კომერსანტი“ საგაზაფხულო სამუშაოების ფასებით დაინტერესდა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაგალითზე მიმდინარე წელს მიწის დასამუშავებლად გლეხს საშუალოდ 700 ლარი სჭირდება, რომელშიც სათესლე მასალის ხარჯები არ შედის.
კერძოდ, 1 ჰა მიწის მოხვნა 250 ლარი ღირს, დაფრეზვა – 250 ლარი, კულტივაცია – 100 ლარი, დათესვა – 80-100 ლარი.
რაც შეეხება სათესლე მასალას, 1 ჰა-ზე სიმინდის საჭირო ოდენობა 25 კგ-ია. 1კგ სათესლე თეთრი სიმინდის ფასი 1 ლარია, ყვითელი სიმინდის – 0,8 ლარი.
ხორბალი 1 ჰა-ზე 220-250 კგ-ს ოდენობით ითესება და 1 კგ თესლის ფასი 1,5 ლარია.
კარტოფილი 1 ჰა-ზე დაახლოებით 4 ტონის ოდენობით ითესება. 1 კგ სათესლე მასალის ფასი 0.5 ლარია.
აღნიშნული ფასებიდან გამომდინარე, გლეხს მიწის დამუშავებასთან ერთად, 1 ჰა-ზე სიმინდის მოყვანა 725 ლარი, ლობიოს – 1 000 ლარი, ხორბლის – 1 075 ლარი და კარტოფილის მოყვანა 2 700 ლარი უჯდება.