30 აპრილის საღამოს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 7 საათზე დაიწყო. მომიტინგეების ნაწილს სურდა ჩიტაძის ქუჩაზე სირცხვილის დერეფანი გაეკეთებინათ იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს და ამჯერად მეორე მოსმენაზე იმყოფეობდნენ. ასევე, ხალხის ნაწილმა მარშით მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყო სვლა, სადაც პოლიციამ სულხან-საბას ქუჩა გადაკეტა. პარალელურად, რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანეს ჩიტაძის ქუჩასა და თავისუფლების მოედანზე.
სპეცრაზმმა თავდაპირველად წიწაკის სპრეი გაუფრთხილებლად გამოიყენა და პარლამენტის უკან მიტინგის დარბევა დაიწყო. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ძალადობს სპეცრაზმი მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები ასევე მობილიზდნენ ინგოროყვას ქუჩაზეც.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც.
“აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე.
ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.) წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მოგვიანებით განცხადება ასევე გაავრცელა შსს-მ, სადაც უწყება მომიტინგეებს მოუწოდებდა დამორჩილებოდნენ სამართალდამცავების მითითებებს. აღსანიშნავია, რომ სპეცრაზმის მიერ წიწაკის სპრეის გაშვება და მომიტინგეების ცემა ამ განცხადებამდე დაიწყო.
ამის შემდეგ სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალების გამოყენება დაიწყო, თუმცა დემონსტრანტები არ დაშლილან. დაახლოებით ღამის 12 საათზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა და წყლის ჭავლით აქციის დარბევა სცადა.
წყლის ჭავლის და ცრემლსადენის გამოყენების შემდეგ აქციის მონაწილეები სანაპიროსკენ გაიქცნენ, რის გამოც სახალხო წინააღმდეგობა სანაპიროზეც გაგრძელდა. ასევე, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის მიუხედავად, ხალხი მაინც რჩებოდა რუსთაველის გამზირზე. აქციის დარბევის ამ მეთოდების გამოყენებას სპეცრაზმი აგრძელებდა ღამის პირველ საათზეც.
დარბევის ღამეს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც:
“სირცხვილია შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!” – წერია განცხადებაში.
მოქალაქეები ცრემლსადენი გაზის გამოყენების მიუხედავად პროტესტს განაგრძობდნენ. ცრემლსადენ გაზს სპეცრაზმი უშვებდა ოპერის ტერიტორიაზეც. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორად ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ალეკო ელისაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს თავისუფლების მეტროში ჩაყვნენ და ესკალატორზე დაგორება სცადეს.
რუსთაველზე სამოქალაქო წინააღმდეგობა ღამის 4 საათამდე გაგრძელდა. სპეცრაზმმა ხალხის დაშლა ვერ შეძლო და მომიტინგეები პარლამენტის წინ და ჩიტაძის ქუჩაზე დაბრუნდნენ. საბოლოოდ, სპეცრაზმმა გაიყვანა ტექნიკა და ტერიტორია თავად დატოვეს.