რა ხდება უცხოურ რაგბიში? – ივლისის ტესტები…

ზაფხულობით რაგბიში სანაკრებო ტესტ-მატჩები ან არაოფიციალური თამაშები კლუბებსა და ნაკრებებს შორის ყოველწლიურად იმართება. ტესტ-მატჩები სანაკრებო რეიტინგზე გავლენას ახდენენ და ამ კუთხითაც მათი ყურება საინტერესოა. ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ აქტუალურ ტესტ-მატჩებს, რომლებიც უკვე გაიმართა:
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 24-28 არგენტინა
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების გუნდია ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ირლანდიის ტოპ მორაგეების ნაკრებია, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში ან ახალ ზელანდიაში სამმატჩიან ტურნეს მართავს. წელს ავსტრალიასთან ჭიდილის ჯერია, მანამდე კი 20 ივნისს დუბლინში, „ავივა სტეიდიუმზე“ ისინი „პუმებს“ ამხანაგურად დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველ 10 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-12 წუთზე კი არგენტინელებმა ფლანგზე იგნასიო მენდიმდე ჩაათამაშეს, ამ უკანასკნელმა კიდე შეხვედრის პირველი ლელო დადო. მე-19 წუთზე მასპინძლებმა სტუმრების ლელოსთან ახლოს ხაზზე ლამაზი პასებით წამოწყებულ შეტევას ბანდი აკის ლელო მოჰყვა. „პუმებისგან“ განსხვავებით, ლომებმა ეს ლელო გარდასახეს და წინ გავიდნენ. ამის შემდეგ არგენტინელთა ათიანმა ტომას ალბორნოსმა ორი ჯარიმა გაიტანა. პირველი ნახევრის ბოლოს ლომები კვლავ უტევდნენ, მაგრამ საკუთარი 22-მეტრიანიდან სტუმრებმა შესანიშნავი კონტრშეტევა წამოიწყეს და კვლავ ალბორნოსმა მიითვალა მომდევნო 7 ქულა.
მეორე ნახევარში ლომები გააქტიურდნენ: 47-ე წუთზე მოლიდან საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, რაც პირდაპირ 7 ქულას ნიშნავს, ხოლო აქედან ხუთიოდე წუთში 14-კაციანი არგენტინა ტად ბირნმა დაალელოვა. საბოლოოდ, ლომებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და რიცხობრივი სტატუს-კვოს აღდგენისთანავე სტუმრებმა ისევ საკუთარი ნახევრიდან ჯერ მშვენივრად გაჭრეს ხაზი, შემდეგ კი ფეხით დარტყმულს სანტიაგო კორდერო წამოეწია… ალბორნოსმა ეს ლელოც გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. არგენტინამ ლომებს ისტორიაში პირველად მოუგო!
შემადგენლობები:
ლომები – შერკინება – 1. გენჯი(ინგლისი)*, 2. კოვან-დიკი(ინგლისი), 3. ბელჰემი(ირლანდია)*, 4. იტოჯე(ინგლისი, კაპ.), 5. ბირნი(ირლანდია), 6. ქარი(ინგლისი), 7. მორგანი(უელსი)*, 8. ერლი(ინგლისი)* – ხაზი – 9. მიტჩელი(ინგლისი)*, 10, ფინ სმიტი(ინგლისი)*, 11. ვან დერ მერვე(შოტლანდია), 12. აკი(ირლანდია), 13. ტუიპულოტუ(შოტლანდია)*, 14. ფრიმენი(ინგლისი)*, 15. მარკუს სმიტი(ინგლისი)
სათადარიგო: 16. კელეჰერი(ირლანდია)*, 17. შომენი(შოტლანდია)*, 18. ფურლონგი(ირლანდია), 19. ქამინგსი(შოტლანდია)*, 20. პოლოკი(ინგლისი)*, 21. უილიამსი(უელსი)*, 22. დეილი(ინგლისი), 23. ჰანსენი(ირლანდია)*
მთავარი მწვრთნელი: ენდი ფარელი(ინგლისი) * – დებიუტანტი
არგენტინა – შერკინება – 1. ვივასი, 2. მონტოია(კაპ.), 3. სკლავი, 4. მოლინა, 5. რუბიოლო, 6. მატერა, 7. გონსალვესი, 8. ოვიედო – ხაზი – 9. გარსია, 10. ალბორნოსი, 11. მენდი, 12. პიკარდო, 13. კინტი, 14. ისგრო, 15. კარერასი
სათადარიგო: 16. ბერნასკონი, 17. ვენგერი, 18. კორია მარკეტი, 19, გრონდონა, 20. მორო, 21. ბენიტეს კრუზი, 22. მორონი, 23. კორდერო
მთავარი მწვრთნელი: ფელიპე კონტეპომი(არგენტინა)
მსაჯი: ჯეიმს დოულმენი(ახალი ზელანდია), გვერდითი მსაჯები: ნიკა ამაშუკელი(საქართველო) და ანდრეა პინარდი(იტალია)
იაპონია 24-19 უელსი
5 ივლისს ქალაქ კიტაკიუშუში იაპონელებმა მცირე სენსაცია შემოგვთავაზეს. მართალია, ბოლო წლებში იაპონია უფრო სტაბილურად გამოიყურება, ვიდრე უელსი, რომელსაც 6 ერში ხის კოვზის ჯილდო მოუმრავლდა და რეიტინგშიც ჩამოქვეითდა, თუმცა, იაპონიას რამდენიმე დებიუტანტი ჰყავდა და მათ ასეთ თამაშს ბევრი, შეიძლება ითქვას, არც მოელოდა.
მატჩის მეოთხე წუთზე მოლიდან გათამაშებული კომბინაციით უელსელთა შუამარბმა ბენ ტომასმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. მე-16 წუთზე მასპინძლებმა მეტოქის 22-მეტრიანი ნიშნულის სიახლოვეს მარცხენა ფლანგზე გადაიტანეს ბურთი, რაც ფულბეკის, ტაკურო მაცუნაგას ლელოთი დასრულდა. აქედან მალევე ჯოშ ადამსი დებდა ლელოს, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა იჩიგო ნაკაკუსუმ მას წესების დარღვევით შეუშალა ხელი, რის შემდეგაც საჯარიმო ლელო ჩაითვალა და იაპონია მომდევნო 10 წუთის განმავლობაში 14 კაცით ასპარეზობდა. რიცხობრივი უპირატესობით სტუმრებმა მალე იხეირეს და ტომ როჯერსის გარდაუსახავი ლელოთი სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა.
მეორე ტაიმი კი მთლიანად იაპონელების გამოდგა: დებიუტანტმა ნაკაკუსუმ და ჰალატოა ვაილეამ ლელოები დადეს, კორეული წარმოშობის მგეზავმა სეუნ-სინ ლიმ კი სამ გარდასახვას ერთი ჯარიმაც მიაყოლა! იაპონიამ 2019 წლის შემდეგ ტიერ 1 დონის ნაკრებს პირველად მოუგო. ბოლოს ეს „ამომავალი მზის ქვეყნის“ სარაგბო გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეძლო, რომელსაც თავად მასპინძლობდა და მაშინ ირლანდიასაც მოუგო 19-12 ანგარიშით და შოტლანდიასაც – 28-21. უელსი კი ამ მარცხის შემდეგ რეიტინგში მე-14 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც მათ ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
შემადგენლობები:
იაპონია – შერკინება – 1. კამიმორი*, 2. ჰარადა, 3. ტაკეუჩი, 4. ულუივიტი, 5. დერნსი, 6. ლეიჩი(კაპ.), 7. კორნელსენი, 8. ფაკატავა – ხაზი – 9. ფუჯივარა, 10. სეუნ-სინ ლი, 11. ტუიტამა, 12. ნაკანო, 13. რილი, 14. იშიდა*, 15. მაცუნაგა
სათადარიგო: 16. ერა, 17. კიმურა, 18. ტამეფუსა, 19. რარატუბუა*, 20. განტა, 21. კიტამურა*, 22. ნაკაკუსუ*, 23. ვაილეა*
მთავარი მწვრთნელი: ედი ჯონსი(ავსტრალია) * – დებიუტანტი
უელსი – შერკინება – 1. სმიტი, 2. ლეიქი(კაპ.), 3. ასირატი, 4. კარტერი, 5. ტედი უილიამსი, 6. მანი, 7. მაკლოდი, 8. ფალეტაუ – ხაზი – 9. ჰარდი, 10. კოსტელო, 11. ადამსი, 12. ბენ ტომასი, 13. ჯონი უილიამსი, 14. როჯერსი, 15. მარეი
სათადარიგო: 16. ბელჩერი*, 17. გარეთ ტომასი, 18. გრიფინი, 19. რატი, 20. უეინრაითი, 21. რეფელი, 22. როდრი უილიამსი, 23. რობერტსი
მთავარი მწვრთნელი: მეთ შერატი(ინგლისი) * – დებიუტანტი
მსაჯი: დამიან შნაიდერი(არგენტინა), გვერდითი მსაჯები: კარლ დიქსონი და ლუკ პირსი(ორივე ინგლისი)
ახალი ზელანდია 31-27 საფრანგეთი
დანედინში 5 ივლისს გამართულ ამ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა! საფრანგეთმა, რომელიც ლამის მესამე შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე, კინაღამ ახალი ზელანდიის მთავარ შემადგენლობას აჯობა! ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საფრანგეთს უდიდესი სარაგბო რესურსი აქვს. ეს ჩვენ 2020 წელს 8 ერზეც ვიხილეთ, როდესაც ასევე სარეზერვო შემადგენლობით ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
სხვათა შორის, ფრანგ დებიუტანტებს შორის ქართული წარმოშობის პირველხაზელი, ბურჯი გიორგი ბერიაც იყო რომელიც თბილისში დაიბადა და 2 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ორიაკში გადავიდა. „კლერმონში“ 5 წლის განმავლობაში ითამაშა და 6 ლელოც დადო, 2024 წლიდან მოყოლებული კი „პერპინიანშია“. სხვათა შორის, წლევანდელი 6 ერის გათამაშებაში ჩემპიონი საფრნაგეთის განაცხადში შეიყვანეს, მაგრამ არ უთამაშია.
შეხვედრის მე-7 წუთზე იორის სეგონდსმა ცენტრიდან ჯარიმა გაიტანა, აქედან ათ წუთში კი ფრანგებმა ხაზი გაჭრეს, ორიოდე ფაზის შემდეგ კი მიკელ ჟილარმა ლელოს გატანა მოახერხა. ამ მომენტში მასპინძლები გააქტიურდნენ და ჯერ მარჯვენა ფრთაზე ვილ ჯორდანმა დაალელოვა ევროპელები და აქედან ხუთ წუთში იგივე გააკეთა ტუპოუ ვაა’იმ. სეგონდსმა მეორე ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჯორდი ბარეტმა ზელანდიელების მხრიდან მესამე ლელო მიითვალა.
მეორე ნახევრის სტარტზე გაბინ ვილიერის წყალობით ფრანგთა მხრიდან სხვაობის 1 ქულამდე შემცირება მოხერხდა, მაგრამ 47-ე წუთზე ვილ ჯორდანმა დუბლი გაიფორმა. მასპინძელთა დამრტყმელმა, გამოცდილმა ბოდენ ბარეტმა ოთხივე ზელანდიური ლელო გარდასახა და ამასთან ერთად, ჯარიმაც გაიტანა. 50-ე წუთზე მიძალება-მიძალებით კამერონ ვოკიმ ძელებს შუა ჩაიწერა აქტივში 5 ქულა, სეგონდსმა გარდასახა, მაგრამ ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა…
შემადგენლობები:
ახალი ზელანდია – შერკინება – 1. დე გროოტი, 2. ტეილორი, 3. ნეუელი, 4. სკოტ ბარეტი(კაპ.), 5. ჰოლანდი*, 6. ვაა’ი, 7. სავეა, 8. ლიო-უილი* – ხაზი – 9. როიგარდი, 10. ბოდენ ბარეტი, 11. იოანე, 12. ჯორდი ბარეტი, 13. პროქტორი, 14. რისი, 15. ჯორდანი
სათადარიგო: 16. ტაუკეი’აჰო, 17. ნორისი*, 18. ტოსი, 19. ფინაუ, 20. კირიფი*, 21. რატიმა, 22. ტუპაეა, 23. მაკკენზი
მთავარი მწვრთნელი: სკოტ რობერტსონი(ახალი ზელანდია) * – დებიუტანტი
საფრანგეთი – შერკინება – 1. ბერია, 2. ბარლო, 3. სლიმანი, 4. ორადუ, 5. დუგუი*, 6. ფიშერი, 7. ტიშერონი, 8. ჟილარი – ხაზი – 9. ლე გარე, 10. სეგონდსი*, 11. ვილიერი, 12. ფიკუ(კაპ.), 13. ჟილეტონი, 14. სპრინგი*, 15. ატისოგბე
სათადარიგო: 16. ბურგარიტი, 17. მალეზი*, 18. მონტანიე*, 19. ტაოფიფენუა, 20. ვოკი, 21. ვან ტონდერი*, 22. ჟონუ, 23. ჰასტოი.
მთავარი მწვრთნელი: ფაბიენ გალტიე(საფრანგეთი) * – დებიუტანტი
მსაჯი: ნიკ ბერი(ავსტრალია) გვერდითი მსაჯები: კრისტოფ რიდლი(ინგლისი) და ტაკეჰირო ნამეკავა(იაპონია)
ავსტრალია 21-18 ფიჯი
2023 წლის მსოფლიო ჩემპიოანტზე „მფრინავმა ფიჯელებმა“ სენსაცია მოახდინეს და იმ ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა, ავსტრალია ანგარიშით 22-15 დაამარცხეს. 6 ივლისს, „მწვანე კონტინენტზე“, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ ნიუკასლში კუნძულელები ამ სენსაციის გამეორებასთან ძალიან ახლოს იყვნენ!
პირველ ტაიმში ავსტრალიის დომინაცია ვიხილეთ: მეცხრე წუთზე მოლში ფიჯელები „გადათელეს“ და დეივ პორეცკიმ ბურთის ჩათვლის მოედანში დადება შეძლო. 39-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშებული კომბინაცია ფრაზერ მაკრეითის ლელოთი დასრულდა. 40 წუთის ამოწურვის შემდეგ „უოლაბებს“ ჩვეულებრივად შეეძლოთ, რომ ბურთი აუტზე გადაეტანათ და გასახდელში ჰანდიკაპით გასულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ოვალური ბურთი წინ გადაკიდეს, რის გამოც დაისაჯნენ: ფიჯელებმა შეტევა წამოიწყეს და სალესი რაიასიმ ანგარიშში სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა.
53-ე წუთზე ფიჯელებმა წმინდა „ფიჯური“ სანახაობა შემოგვთავაზეს: არაზუსტი პასის შედეგად დიდი შანსი იყო, ბურთი დაეკარგათ, მაგრამ ჯიუტა ვაინიქოლომ ჯიუტად ინიციატივა თავის თავზე აიღო, გასცდა ავსტრალიის ნაკრების მოთამაშეთა ნახევარს და სალელოვე გადაცემა მესამეხაზელ ლეკიმა ტაგიტაგივალუზე გააკეთა! ფიჯის ათმა ნომერმა კალებ მუნცმა ეს ლელო, წინასგან განსხვავებით, გარდასახა და ორი ჯარიმაც დაუმატა. 78-ე წუთამდე დიდი ენერგიისა და სიმძლავრის ხარჯზე ინარჩუნებდნენ სტუმრები უპირატესობას, მაგრამ ავსტრალიური ძალა ფიჯურ აღმართს ხნავსო და კაპიტანმა ჰარი უილსონმა გაწელვის შედეგად სალელოვე შედეგის დაფიქსირება მოახერხა, ბრძოლის საბოლოო წერტილი კი ბენ დონალდსონმა ფეხით ბურთის ძელებს შორის გაგზავნით დასვა…
შემადგენლობები:
ავსტრალია – შერკინება – 1. სლიპერი, 2. პორეცკი, 3. ალაალატოა, 4. ფროსტი, 5. უილიამსი, 6. გლისონი, 7. მაკრეითი, 8. უილსონი(კაპ.) – ხაზი – 9. მაკდერმოტი, 10. ლოლესიო, 11. იორგენსენი, 12. იკიტაუ, 13. სუა’ალი’ი, 14. პოტერი, 15. რაითი.
სათადარიგო: 16. პოლარდი, 17. ბელი, 18. ნონგგორი, 19. ჰუპერი, 20. ტიძანო, 21. უაითი, 22. დონალდსონი, 23. დაუგუნუ.
მთავარი მწვრთნელი: ჯო შმიდტი(ახალი ზელანდია)
ფიჯი – შერკინება – 1. მავი, 2. იკანივერე(კაპ.), 3. რავი, 4. ნასილასილა, 5. მაიანავანუა, 6. ტაგიტაგივალუ, 7. ცანაკაივატა, 8. მატა – ხაზი – 9. კურუვოლი, 10. მუნცი, 11. ვაინიქოლო, 12. ტუისოვა, 13. მასი, 14. რავოუვოუ, 15. რაიასი*
სათადარიგო: 16. მატავესი, 17. ჰეტეტი, 18. დოგე, 19. ვოცევოცე, 20. ტუისუე, 21. ბასელალა*, 22. არმსტრონგ-რავულა, 23. მაქალა.
მთავარი მწვრთნელი: მიკ ბირნი(ავსტრალია) * – დებიუტანტი
მსაჯი: პიერ ბრუსე(საფრანგეთი), გვერდითი მსაჯები: ბენ ო’კიფი და ანგუს მები(ორივე ახალი ზელანდია)
დარჩენილი საინტერესო შეხვედრები:
11 ივლისი – „ჩიტასი“ – საქართველო
12 ივლისი – ფიჯი – შოტლანდია
იაპონია – უელსი
ახალი ზელანდია -საფრანგეთი
არგენტინა – ინგლისი
18 ივლისი – სამოა – შოტლანდია
19 ივლისი – ახალი ზელანდია – საფრანგეთი
სამხრეთ აფრიკა – საქართველო
19 ივლისი, 26 ივლისი და 2 აგვისტო ავსტრალია – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
ტესტები: ირლანდიამ “ოლ ბლექსს” მოუგო, 111 წლის შემდეგ! [VIDEO]
ნოემბრის ტესტები: იაპონია თბილისში ჩამოსვლამდე არგენტინას დახვდება
ივნისის ტესტები: გამოუშვით “ოლ ბლექსი”
ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა
“შავი ლომი” | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე მსოფლიოში
რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]
Sportall.ge-ს გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია