ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს საათებში დასრულდება გურიაში სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფელთან მისასვლელი გზების გაწმენდა; სასწრაფოს ბრიგადები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მედიკამენტებს აწვდიან; გაწმენდილია ოზურგეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზები და სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა და ფოტოებიც განათავსა, როგორ აბარებს საკოორდინაციო შტაბი ანგარიშს გასული ღამის ქმედებებსა და დღის გეგმებზე.
„პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან“, — ნათქვამია კობახიძის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ადგილებში.
პარალელურად, შექმნილია ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“, რომელიც დიდთოვლობითა და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება და არამარტო გურიაში. ჯგუფში თითქმის ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ.
გაკეთდა პლატფორმა „მოხალისე“, სადაც თავი ეყრება დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მოხალისეები, ჩარჩენილი ადამიანების ოჯახის წევრები, ადგილობრივები თვითორგანიზებულად ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად დაეხმარებიან ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს. ასევე, ცდილობენ ტექნიკის მობილიზებას, ფულის შეგროვებას სხვადასხვა საჭიროებისთვის, დამხმარე რესურსების მობილიზებას და ა.შ.
დახმარების მსურველი მოქალაქეები თანხის მობილიზებას „ნანუკას ფონდში“ ახდენენ. 26 თებერვლის ნაშუადღევის მონაცემებით, ფონდში ჩარიცხული და სხვადასხვა საჭიროებაზე გადანაწილებულია 231 340 ლარი.
დასავლეთ საქართველოში ერთი კვირაა თოვს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიასა და აჭარაში. რამდენიმედღიან დიდთოვლობას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. დღეს გახდა ცნობილი, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტის 150-მდე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
იმის გამო, რომ დიდთოვლობამ შეაფერხა ტრანსპორტის გადაადგილება, ადგილზე შეზღუდულია სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მოძრაობაც. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. ოჯახებს ელევათ ან უკვე გამოელიათ საკვების მარაგი, წამლები. მათ შორის ოჯახებს, სადაც მხოლოდ მარტოხელა მოხუცები ცხოვრობენ, ან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილები ჰყავთ. ინგრევა სახლები ან დანგრევის პირასაა.
ზოგიერთი სოფლიდან, რომელიც გარე სამყაროს სხვებზე მეტად მოწყვეტილია, მოსახლეობის ევაკუაციასაც ითხოვენ. ზოგიერთ სოფელში სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ვერ ჩადიან და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვთ.
საქართველოს რკინიგზამ 28 თებერვლის ჩათვლით გააუქმა რეისები, რომლებიც თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან უნდა შესრულებულიყო.
მოსალოდნელი უამინდობის შესახებ შეტყობინებები მოსახლეობასთან 20 თებერვალს დაიგზავნა.
