ფეისბუქგვერდი “აჭარის ფეხბურთი”, Batumelebi.ge-ზე დაყრდნობით, ბათუმის “დინამოში” მიმდინარე პროცესებზე წერს. მოგეხსენებათ, აჭარის მთავარ კლუბში, რომელიც ფინანსური და საკადრო კრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაშია, მეპატრონე შეიცვალა.
ბათუმის “დინამოს” ბედი სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთის ნეიტრალური ქომაგისთვისაც. ბოლო წლებში ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, აქ თამაშობდნენ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები (ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი…), მუდმივად ივსებოდა სტადიონი და ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა…
სწორედ ეს ატმოსფერო უნდა დაბრუნდეს ბათუმში და მას სხვა ქალაქებმაც აუწყონ ფეხი, იმიტომ, რომ ერთი და ორი კლუბის კეთილდღეობა ჩვენს ფეხბურთში “გაზაფხულს” ვერ მოიყვანს, გაცილებით მეტი ასეთი კლუბია საჭირო…
ახლა კი ზემოთ ხსენებული წერილი:
მას შემდეგ, რაც შპს “ლამინთან” გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, “დინამო ბათუმის” გასხვისება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იგეგმება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება “საფეხბურთო კლუბი დბ 1923” არის დაინტერესებული (დბ – იგივე დინამო ბათუმი).
როგორც ირკვევა, სს “საფეხბურთო კლუბი დბ 1923” კლუბის პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაცემას ითხოვს და სახელმწიფოს 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. აღნიშნული კომპანია 2025 წლის 11 დეკემბერს ნიკოლოზ ჯღარკავამ, ვახტანგ ჩხაიძემ და ირაკლი აბულაძემ დააფუძნეს.
ნიკოლოზ ჯღარკავა 2025 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და აღმასკომი დატოვა. სფფ-ში ის 2015 წლიდან მუშაობდა, ასევე იყო “დინამო თბილისის” დირექტორი.
ვახტანგ ჩხაიძე შპს “ოლპრინტის” დირექტორია, რომლის 100%-იანი წილი ეკუთვნის შპს “სოფტრადარს”. აღნიშნულ კომპანიაში წილებს საქართველოს, ისრაელის, დანიის, პოლონეთისა და ავსტრიის მოქალაქეები ფლობენ, მათ შორის არის თემურ მიქელაძეც, რომლის სახელიც სოციალურ ქსელში კლუბის შესაძლო ახალი მფლობელის კონტექსტში არაერთხელ გავრცელდა.
ჩხაიძე ასევე ხელმძღვანელობდა შპს “GIFT OF AJARA”-ს, რომელიც კვიპროსის ოფშორშია რეგისტრირებული. ირაკლი აბულაძე კი რამდენიმე კომპანიის თანამესაკუთრე და დირექტორია, მათ შორის სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანიების.
ახალი ინვესტორის დაინტერესების შემდეგ, ბათუმის მერია “დინამო ბათუმისა” და მასთან დაკავშირებული ქონების გასხვისების პირობების შეცვლას გეგმავს – ინვესტორის მოთხოვნების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში, ბათუმის საკრებულოს განკარგულებით, შპს “დინამო ბათუმის” 100%-იანი წილი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით აჭარის მთავრობას გადაეცა. მოგვიანებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კლუბის საწესდებო კაპიტალიდან ამოიღეს 13 მილიონ 523 407 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 2020 წლის 6 იანვარს 49-წლიანი იჯარით შპს “ლამინს” გადასცეს.
თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, 2025 წლის 9 დეკემბერს შპს “ლამინთან” გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა და შესაბამისი სამართლებრივი აქტები ძალადაკარგულად გამოცხადდა. მერიის განმარტებით, ხელშეკრულების გაწყვეტა ქონების უკან დაბრუნების საფუძველიც გახდა.
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის ინფორმაციით, 2025 წლის 11 დეკემბერს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შევიდა სს “საფეხბურთო კლუბი დბ 1923”-ის წერილი, რომლითაც კომპანია შპს “დინამო ბათუმის” 100%-იანი წილის 1 ლარად გადაცემას ითხოვს შემდეგი პირობებით:
ინვესტორმა ორი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 200 000 ლარის უპირობო საბანკო გარანტია, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან მინიმუმ 5 წლის განმავლობაში წლიურად არანაკლებ 6 მილიონი ლარის, ჯამში კი არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ინვესტიცია მოხმარდება კლუბის ფუნქციონირებას, თანამშრომელთა ანაზღაურებას, ინფრასტრუქტურას, საწვრთნელ შეკრებებს, სამედიცინო მომსახურებას, ევროტურნირებში მონაწილეობასა და სხვა საოპერაციო ხარჯებს. ასევე, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში კლუბმა უნდა დააკმაყოფილოს UEFA-სა და ეროვნული ლიცენზირების ყველა მოთხოვნა.
კოპინაძის თქმით, სამინისტრომ ბათუმის მერიას უკვე მიმართა და ინვესტიციის მოწონების შემთხვევაში, შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. მერიის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი უკვე საკრებულოშია გაგზავნილი და მისი განხილვა 19 დეკემბერს იგეგმება.
ამასთან, შპს “ლამინს”, რომელიც “დინამო ბათუმის” უკვე ყოფილი მფლობელია, ხელშეკრულების დარღვევის გამო დავალიანებაც ერიცხება – ჯამში 1 მილიონ 196 209 ლარი.
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
“დინამო ბათუმის” საპლაჟო ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. “სამტრედია”-“დინამო ბთ” [LIVE]
“დინამო ბათუმმა” “გაგრას” მოუგო
ტური 33: ვინც აგებდა, იმან მოიგო…
ტური 33: ვინც აგებდა, იმან მოიგო…
ჩემპიონთა ლიგაზე “დინამო ბათუმის” მეტოქე გაირკვა




