რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
„რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც.
„2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში ს ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან [უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან] გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები [ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით]. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში,“ – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ არ დაასახელა ნავთობის გამომგზავნი და მიმღები კომპანიები და ეს „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან“ თავის შეკავებით ახსნა.
ტვირთის კუთვნილებაზე განცხადება არ გაუვრცელებია არც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
რაც შეეხება ტვირთის შენახვის ადგილს – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული საქონლის შენახვის ადგილების კლასიფიკატორის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ერთადერთი საბაჟო საწყობი შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ კუთვნილ ტერიტორიაზე [ყულევის ნავთობტერმინალში] მდებარეობს.
ამ კომპანიის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“.
· რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
ქალაქ ფოთს რომ გასცდები და მდინარე რიონს გადახვალთ, სანავიგაციო რუკა გიჩვენებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ ორი გზა მიდის – ერთი გრძელი, მეორე – მოკლე. ქარხნისკენ მიმავალი მოკლე გზის გადასახვევთან ავტობუსის გაჩერებაა, სადაც მანქანა შევაჩერეთ იმის გადასამოწმებლად, სწორად მივდიოდით თუ არა.
„ნავთობის ქარხანას ეძებთ რომ აშენებს? კი, სწორად მიდიხართ,“ – გვითხრა გაჩერებაზე მდგარმა უცნობმა კაცმა და ხელით გვაჩვენა მიმართულება – „ხრეშიანი გზაა, 15-20 წუთში მიხვალთ ქარხანასთან“.
გზა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მიდის, კოლხეთის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. სამანქანე გზა რკინიგზის ლიანდაგს გასდევს. ეს სა და ყულევის ტერმინალების დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულში დგას. ქარხნის ტერიტორია ჯერ სრულად შემოსაზღვრული არაა. ღიაა ის ნაწილიც, სადაც ნავთობის გადასაქაჩი მილები გადის – ქარხნიდან ყულევის ნავთობტერმინალამდე.
მილები და მის პარალელურად ახალგაყვანილი სამანქანე გზა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადის ტერმინალამდე.
ტერიტორია, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას აშენებენ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაშია, მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და მიწა, რომელზეც მილსადენი გადის, სახელმწიფოს მიერ „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობისა და სარგებლობის უფლებით 44-49 წლის ვადით არის გადაცემული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ის ადგილი, სადაც ქარხნისთვის რკინიგზა უნდა გაიყვანონ, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებშია და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ „მურყანის სახეობის ხე-ტყის ჭრის ნებართვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით განსაზღვრული ვადის [5 წლის] გასვლის შემდეგ – 44 წლამდე ვადითაა გადაცემული სარგებლობაში“.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ ტერიტორია [წითელი ფერით, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებენ] და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობით და სარგებლობით გადაცემული ტერიტორიები [იასამნისფერი]. მწვანე ხაზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა დაშტრიხული
· მუშაობს თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
დაიწყო თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება მარტის თვეში, როგორც ეს დაგეგმილი იყო? – ეს იყო კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ ქარხანასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პირს დაუსვა.
ეს და სხვა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურმა დირექტორმა, კითხვაზე არ გვიპასუხა არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და არც ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის დირექტორმა.
მუშაობს თუ არა ქარხანა? – ამ შეკითხვით მივმართეთ „საქართველოს განვითარების ფონდსაც“, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. ეს სახელმწიფო ფონდი კი პროექტის თანაპარტნიორია.