რა ხდება ახლა ირანში და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მას? – ზურაბ ბატიაშვილი

რა ხდება ახლა ირანში და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მას?
ირანში გრძელდება დეკემბრის ბოლოს დაწყებული გამოსვლები, რომლის ტრიგერად ეკონომიკური პრობლემები იქცა. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ეს იყო ფასების ზრდა და ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება (ახლა 1 დოლარის ფასი 1,4-1,5 მილიონი რიალის ფარგლებში მერყეობს და არ ჩანს მისი დასტაბილურების პერსპექტივა); საპროტესტო გამოსვლები თეირანის ბაზრის წვრილმა და საშუალო ბიზნესმა დაიწყო და ის მალევე გადაედო პატარა ქალაქების მოსახლეობას (ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ასეთ პატარა ქალაქზე ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი); ირანში სწრაფი ტემპით იცვლება მოვლენები. ეკონომიკური მოთხოვნებიც მალევე გადაიზარდა ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ მოთხოვნებში; ამავე დროს უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოსვლები არ შეეხო ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ პროვინციებს; ირანში არ არსებობს ერთიანი ან ორგანიზებული ოპოზიცია. ამის მიუხედავად, ნათლად გამოიკვეთა, რომ პროტესტანტების უმრავლესობა შაჰის მმართველობის აღდგენას უჭერს მხარს; ახლანდელ პროტესტს, წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორიც გააჩნია. თუ ადრე გარედან ჩარევა ფაქტიურად გამორიცხული იყო, ახლა ეს ძალზედ რეალურია; ამაში დიდ როლს ასრულებს ისეთი პრეცედენტები, როგორებიცაა 2025 წლის ივნისში მომხდარი ირან-ს 12 დღიანი ომი და სულ ახლახანს მადუროს დაკავების ოპერაცია; ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ მასიური ძალადობის შემთხვევაში სამხედრო ძალით ჩაერევა მოვლენებში. საქმე რომ სახუმაროდ არაა, ამაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების ამ რეგიონის მიმართულებით გადასროლის ფაქტიც მეტყველებს; ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც დარჩება გვერდით. თუმცა, ამ ეტაპზე ისრაელს სხვა ამოცანებიც აქვს – მაგალითად, ლიბანში მოქმედი პროირანული “ჰესბოლას” განადგურების საქმის ბოლომდე მიყვანა, სადაც დაბომბვებს ახლაც ახორციელებს; ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ეს გარედან შესაძლო ჩარევის საფრთხე აიძულებს ირანის ხელისუფლებას შედარებით უფრო ლმობიერი იყოს დემონსტრანტების მიმართ (წინა წლების გამოსვლებისას გაცილებით მკაცრი იყო ხელისუფლების რეაგირება და მსხვერპლიც გაცილებით დიდი იყო); რა შეიძლება მოხდეს? ვერავინ იტყვის, ზუსტად რა შეიძლება მოხდეს. რამდენადაც გამოსვლები სპონტანურია და არ იმართება ერთი ცენტრიდან, თეორიულად ბევრი რამ შეიძლება მოხდეს; ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც გარე აქტორების (აშშ, ისრაელი) ქმედებებზე, ისე – თავად ირანელებზე. კერძოდ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებენ ისინი მოქმედებას. მაგალითად, თუ იქნება საყოველთაო გაფიცვა/გაფიცვები, ამან შეიძლება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს ხელისუფლება; ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ეკონომიკური სირთულეები, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, მოკლე დროში ვერ აღმოიფხვრება. ხელისუფლების დაპირება, რომ თითო მოქალაქეს 7 აშშ დოლარის შესაბამის თანხას გადასცემს, დიდი ვერაფერი გამოსავალია; არადა მეტის დარიგების საშუალება მართლაც არ არსებობს. ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა უმძიმესი სანქციების ქვეშ ცხოვრობს და მცირედი სავალუტო შემოსავლებიც, რომელიც მას გააჩნდა, ძირითადად უცხოეთში ირანის გავლენის ზრდისთვის (ასადის რეჟიმი, “ჰესბოლა”, “ჰამასი”, ჰუსიტები და ა.შ.) იხარჯებოდა და ისიც ხომ უშედეგო აღმოჩნდა;