რა წილი ჰქონდა ფულად გზავნილებში Zolotaya Korona-ს, რომელთანაც ქართულმა ბანკებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს

ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის შემდეგ, საქართველოში გადარიცხვებს მესამე რუსული კომპანია Zolotaya Korona აჩერებს. მიზეზად კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები გახდა, რომლის თანახმადაც ბიზნესის კეთება სანქცირებულ კომპანიებთან აკრძალულია.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე ქართულმა ბანკმა, მათ შორის „მ“ და „საქართველოს ბანკმა“ Zolotaya Korona-სთან თანამშრომლობა უკვე შეწყვიტეს.
ცნობისათვის, Unistream-მა საქართველოში გზავბილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.
რაც შეეხება Zolotaya Korona-ს, მისი საშუალებით ქვეყანაში თანხა დღემდე გადმოირიცხებოდა. 2024 წლის ბოლო, ივლისის სტატისტიკის მიხედვით, მასზე მოდიოდა მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 23.6% და საქართველოდან გადარიცხვების 33.9%. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში ფულადი გზავნილების აღნიშნული სისტემით გადმორიცხა 70.276 მლნ დოლარი, უცხოეთი კი 11.355 მლნ დოლარი გადაირიცხა.
რაც შეეხება შვიდი თვის სტატისტიკას, წელს იანვარ-ივლისში Zolotaya Korona-ს გავლით საქართველოში შემოვიდა 463.210 მლნ დოლარი, რაც მთლიანი გზავნილების 23.7%-ს შეადგენს. შვიდ თვეში ქვეყანაში მთლიანად 1.954 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ