ნატოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ჰააგის სამიტის დეკლარაცია მიიღეს.
დეკლარაცია სულ 5 პუნქტისგან შედგება.
მასში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ დასახელებულია რუსეთი. ამ და ტერორიზმის მუდმივი საფრთხიდან გამომდინარე, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, 2035 წლისთვის, მშპ-ის 5% თავდაცვაზე დახარჯონ — 2014 წელს დასახული მიზანი 2% იყო.
5%-იანი ვალდებულება მოიცავს თავდაცვის ინვესტიციების ორ აუცილებელ კატეგორიას: მოკავშირეები ყოველწლიურად მშპ-ის მინიმუმ 3.5%-ს გამოყოფენ ძირითადი თავდაცვითი საჭიროებების დასაფინანსებლად და ნატოს შესაძლებლობების მიზნების შესასრულებლად, ხოლო 1.5%-ს — ნატოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ქსელების დასაცავად, სამოქალაქო მზადყოფნისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, ინოვაციების ხელშეწყობისა და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად.
„ჩვენი ინვესტიციები უზრუნველყოფს, რომ გვქონდეს საჭირო ძალები, შესაძლებლობები, რესურსები, ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მზადყოფნა და გამძლეობა ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის შესაბამისად: შეკავება და დაცვა, კრიზისების პრევენცია და მართვა, და თანამშრომლობითი უსაფრთხოება“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩათვლით, ადასტურებენ ურყევ ერთგულებას კოლექტიური თავდაცვის მიმართ და ამბობენ, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე.
დეკლარაცია არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. საქართველო, რომელიც სამიტზე მიწვეული არ ყოფილა, არც დეკლარაციაშია ნახსენები.
უკრაინასთან დაკავშირებით, მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე სუვერენულ ვალდებულებებს უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის უსაფრთხოებაც ნატოს უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს. ამ მიზნით, მოკავშირეები თავიანთ თავდაცვით ხარჯებში მოიცავენ პირდაპირ კონტრიბუციას უკრაინის თავდაცვისა და თავდაცვითი ინდუსტრიისთვის.
ალიანსი იღებს ვალდებულებას, სწრაფად გააფართოვონ ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობა და გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ
„ვიმუშავებთ მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად და გამოვიყენებთ ჩვენს პარტნიორობას თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობის ხელშესაწყობად“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
ნატოს შემდეგი სამიტი 2026 წელს თურქეთში გაიმართება, რასაც მოჰყვება შეხვედრა ალბანეთში.
ამ თემაზე:
2011 წლიდან მოყოლებული საქართველო წელს პირველად არ მიიწვიეს ნატოს სამიტზე
· უკრაინამ შეძლო საკუთარი და მოლდოვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და აშშ-ს მოქალაქეების ევაკუაცია – ზელენსკი
· რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება – მაიკლ კლარკი
· “პუტინმა თქვა, რომ იძულებული იქნება, აეროდრომებზე თავდასხმას უპასუხოს”, – ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ
