რა წერია ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე წარდგენილ რეზოლუციაში

ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე დებატები დღეს, 22 ნოემბერს შედგება, დოკუმენტს კენჭს კი სავარაუდოდ ხვალ, 23 ნოემბერს უყრიან.
“საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა ს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში”, – ამ სახელწოდებით რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფმა მოამზადა უკვე ასახულია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
რეზოლუციაში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გადახედვის აუცილებლობასა და სანქციების დაწესებაზეც. რეზოლუცია პასუხს სცემს კითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთის მსგავსმა პროვოკაციულმა ქმედებებმა გავლენა იქონიოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.
რეზოლუციის თანახმად:
· ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.
· ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი და გადაეცეს მართლმსაჯულებას გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.
· ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და დაუწესოს სანქციები ჩამოთვლილ ინდივიდუალურ პირებს და მხარი დაუჭიროს სხვა თანამოაზრე პარტნიორების მიერ ანალოგიური ზომების გატარებას.
· ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციამ, რომელიც გამიზნულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებისკენ, არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.