პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 82 ხმით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსხური ავრცელებს.
„საკითხზე მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებები ეხება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას – ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას, გადაზიდვა-გადაგზავნას, რეალიზაციას და კულტივაციას.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილებები არ ეხება ამ საშუალებების მოხმარებას.
კანონპროექტის თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის – 10 გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში – 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში – 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში – 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.