რა ცვლილებები ამოქმედდება საქართველოში დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან საქართველოში რიგი ცვლილებების ამოქმედება იგეგმება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას ყველა ამ სიახლის შესახებ.
თბილისში საათობრივი პარკინგი დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება
1-ლი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი.
„მაგთი“ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს აძვირებს
„მაგთი“ 1-ლი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის. კომპანიაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.
როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში აგვისტოდან 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტების ღირებულება 3 ლარის ფარგლებში იზრდება.
აღსანიშნავია, რომ „მაგთის“ მიერ აღნიშნული ტიპის ინტერნეტის გაძვირებას გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც (ComCom) და განმარტა, რომ გაძვირებული ტარიფები თითქმის ნახევარ მილიონ მოქალაქეს შეეხება. ComCom-ი იქვე აღნიშნავს, რომ „მაგთიკომის“ მიერ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს“.
1-ლი აგვისტოდან მოქალაქეთა ნაწილი 750 ათასამდე ლარის სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებს
1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. ასე რომ, აღნიშნული პირები უცხოურ ვალუტაში სესხს ვეღარ აიღებენ.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ბოლო ცვლილებებით კი მაქსიმალური ზღვარი 750 ათას ლარამდე იზრდება.
გარდა ამისა, 2 აგვისტოდან თბილისი-მუმბაის შორის პირდაპირი ფრენები იწყება
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ მიმართულებებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან – მუმბაიდან შეასრულებს.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ მუმბაი – თბილისი – მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება.
bpn.ge