ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებში მშვიდად იყო დასავლეთი. შემდეგ უცებ დაიწყო უკრაინის დახმარება იარაღით, ფულით, სპეცსამსახურების ინფორმაციით… რამ შეაშფოთა ცივილიზებული სამყარო და თან ყველა ერთად? იმის საფრთხემ, რომ უკრაინის აღების მერე რუსეთი ბალტიისპირეთში და შესაძლოა, პოლონეთშიც კი შეჭრილიყო თუ ბუჩაში, მარიუპოლში, ხარკოვში, ირპენში და სხვა ქალაქებში რუსი ჯარისკაცების ველურობამ – ბავშვების გაუპატიურებამ და მასობრივმა მკლელობებმა, სამშობიარო სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების დაბომბვამ და მოხუცებისა და ქალების, უარაღო მოსახლეობის, ასევე, მასობრივმა მკლელობებმა?
– ეს ორივე ფაქტორი იყო დასავლეთის გააქტიურების მიზეზი უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ იყო მესამე ფაქტორიც – ირღვეოდა არსებული უსაფრთხოების სისტემის პარადიგმები, კლიშეები, გაჩნდა პრეცენდენტი, რომ ერთი სახელმწიფოს ერთი ტვინგაცხელებულ მეთაურს, პირადი ამბიციის საფუძველზე შეეძლო მეორე სახელმწიფოსთან ომი დაეწყო და დაეპყრო ის. ამის მერე, ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლებოდა გამხდარიყო რუსეთის თუ სხვა ტოტალიტარულ– მილიტარისტული სახელმწიფოს მსხვერპლი. ეს პოლიტიკოსებმა სწრაფად გაიაზრეს და ამას მოჰყვა მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოს პროტესტი, რომ ასეთი რამ არ დაეშვათ. უცებ გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ყველა სიმპტომი, როდესაც გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა გაიყვეს ევროპის რამდენიმე ქვეყანა, გაცოცხლდა ცივი ომის სიმპტომები და ცხადია, წარსულში დაბრუნება არავის სურდა. თუმცა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უკრაინელთა თავდადებული ბრძოლა რომ არა, არაფერი იქნებოდა. უკრაინელი ხალხის თავგანწირვა იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ უამრავი ქვეყანა დაუდგა მათ გვერდში. სხვა და სხვა ფაქტორების ერთობლიობამ გადაწყვიტა უკრაინის ბედი, რომ მალე ორი წელი ხდება, ომი მიდის და რუსეთმა ვერც ერთი დასახული ამოცანა დღემდე ვერ შეასრულა, რომლებიც უკრაინაში შეჭრის მიზეზებად დაასახელა. შეუძლებელია, ამ საერთაშორისო მხარდაჭერაში ხაზგასმით არ აღინიშნოს ზელენსკისა და უკრაინის გენშტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის განაკუთრებული საქციელი, მე მას გმირობას დავარქმევდი. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის არა ერთი ქვეყანა სთავაზობდა უცხოეთში უსაფრთხო თავშესაფარს, არ წავიდა, დარჩა უკრაინაში და როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, საკუთარ ხალხს სათავეში ჩაუდგა ამ უთანასწორო ბრძოლაში. რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას ზელენსკიმ, ამას ვერავინ დაუკარგავს, მან მსოფლიო გამოაფხიზლა და გადაარჩინა ახალ ცივ ომს, ახალ „რკინის ფარდას“. დასავლეთის სამხედრო მანქანა ვერ იტანს იდეალურ სამხედრო მხედართმთავრებს, რომლებიც ხელშუეხებლები არიან. ეს მანქანა მოქმედებს როგორც გუნდი, გადაწყვეტილების მიღებისას და გმირობის ჩადენაც გუნდური მოქმედების შედეგია. თუმცა, დგება მომენტი, როდესაც უნდა გამოჩნდეს ასეთი ლიდერი, როდესაც პერსონალური გმირობა წყვეტს ამა თუ იმ ბრძოლის თუ ოპერაციის ბედს. ზალუჟნის პერსონალური გმირობა ის არის, მან შეინარჩუნა ეფექტური სამხედრო მმართველობა და უკრაინის სამხედრო მანქანა ბევრად სუსტი იყო რუსეთისაზე, გაუძლო რუსეთის ჯარის სხვა და სხვა მიმართულებით შეტევას და ბრძოლისუნარიანი არმია ჩამოაყალიბა, რუსეთს ამ დიდი უპირატესობის მიუხედავად, არ მისცა სრული სტრატეგიული ინიციატივა და შემდგომში თავადაც ნახეთ, არაერთხელ გადავიდა სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის მხარეს. მთლიანად ომის დროს და განსაკუთრებით მის პირველ ეტაპზე, ვალერი ზალუჟნისა და უკრაინელი სამხედროების თავდადება და პროფესიონალიზმი იყო ჭეშმარიტი გმირობა. თან ეს მოახერხა იმ დროს, როდესაც უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალები და მათ შორის, სამხედრო სპეცსამსხურები გამოტენილი იყო რუსეთის აგენტურით. ზელენსკიმ და ზალუჟნიმ მოახერხეს უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მოტივირება, ელიტებმა კი თავის მხრივ მოსახლეობისა და ჯარის მოტივირება. მეტიც, რაც უკრაინელებმა გააკეთეს ეს იყო სასწაული და ამ ორი ადამიანის დამსახურებაა უპირველესად. უკრაინის არმია არ ჩამოიშალა, ეს იყო პირველ ეტაპზე მთავარი. რუსეთის გეგმა, რომ ერთი მეორის მიყოლებით დაიკავებდა უკრაინის ქალაქებს, ჩაიშალა. მერე დადგა ომის რუტინის პერიოდი, როდესაც რამდენიმე შემთხვევაში, რუსეთმა ჭარბი სამხედრო კონტინგენტი შეაკლა წარუმატებელ ოპერაციებს. აქედან დაუწყო უკრაინელთა წარმატებული ოპერაციები, დაკარგული ქალაქებისა და დასახლებების დაბრუნება, ხარკოვის, კიევისა და ოდესის დაცვა, ხერსონის მარცხენა სანაპიროს დაბრუნება და ყირიმზე არაერთი ეფექტური თავდასხმა. ცხადია, დონბასის მიმართულებით წარმატებული ოპერაციები და სხვას თავი დავანებოთ, დონეცკის აეროპორტი, კინღამ აიღეს უკრაინელმა და ქართველმა მებრძოლებმა. ზელენკიმაც და ზალუჟნიმაც თავდაცვის ორგანიზებაც მოახერხეს და წარმატებული შეტევითი ოპერაციებიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა უკრაინისას. რუსებს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის უფრო დიდი დანაკარგი ჰქონდათ, ვიდრე მოწინააღმდეგეს. რუსეთი რაშიც ლიდერობს ამ ომში, ეს არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და სამოქალაქო პირების ხოცვა–ჟლეტა. დღევანდელ დღემდე რომ შევაფასოთ, ომის პირველი ეტაპი უკრაინამ მოიგო, რუსეთი გატეხა, მას აღარ აქვს სტრატეგიული ინიციატივა, რომ კიევის აღებასა თუ მთელი უკრაინის დაპყრობაზე იფიქროს. ეს მიზანი საბოლოოდ გაუნადგურა უკრაინამ რუსეთს და დაიწყო ახალი ეტაპი. ახლა უკრაინელთა წინაშე დგას ამოცანა, დაიბრუნონ დროებით დაკარგული ტერიტორიები დონეცკისა და ლუგანსკის ჩათვლით და აღადგინონ ქვეყნის სუვერენიტეტი 1991 წელს აღიარებულ საზღვრებში. ეს უფრო რთული ამოცანაა, თავდაცვისას პასიური ბრძოლებით მიაღწევ მიზანს, მაგრამ წართმეულის დაბრუნებას შეტევა სჭირდება. შესაბამისად, შეტევას მეტი ცოცხალი ძალა და სხვა სახის, უფრო ეფექტური შეტევითი იარაღი, რომელსაც იმედია, მიიღებს უკრაინა.
– ხომ არ დარჩება უკრაინა სერიოზული მხარდაჭერის გარეშე? ამერიკის კონგრესმა არ დაამტკიცა უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების ერთობლოვი პაკეტი, 106 მილიარდი დოლარი, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ითხოვს. აქედან 61 მილიარდი უკრაინას უნდა მიეღო.
– არა, უკრაინა არ დარჩება სამხედრო დახმარების გარეშე. კი, დროულად ვერ მიიღო გარკვეული სახის შეიარაღება, მაგრამ ეს იმის ბრალი იყო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში სამხედრო ქარხნები დახურული იყო. ის ქვეყნები კი ვინც იარაღს აწვდიან, საკუთარი შეიარაღებიდან ვერ ამოიღებდნენ და უკრაინას ვერ გადასცემდნენ ამა თუ იმ სახის შეიარაღებას. ახლა ეს ქარხნები მუშაობს და შესაძლებელი გახდება, ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე, გადასცენ უკრაინას შეიარაღება ისე, რომ თავად ერთი ტყვია არ მოიკლონ. პირდაპირ ვთქვათ, ისრაელ–ჰამასის ომმა გარკვეული შეფერხება შეუქმნა უკრაინას, რადგან იყო საფრთხე, რომ დასავლეთი არაბულ ქვეყნებთან ომში ჩართულიყო და არ დაუშვებდა სტრატეგიული საბრძოლო მარაგების გარეშე დარჩენილიყო. თუმცა, ვფიქრობ, ეს საფრთხეც ჩავლილია, არ მოხდა კონფლიქტის ესკალაცია და შეფერხებაც აღარ იქნება. ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, გაზაფხულამდე, წესით, უკრაინას შეტევის განხორციელების საშუალება არ ექნება. ამერიკის კონგრესმა კი დაბლოკა პირველი მოსმენით 106 მილიარდიანი დახმარება, მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლომდე ეს დახმარება დამტკიცდება. მეორეს მხრივ კი, რუსეთი და ირანი ამ გათვლაშიც შეცდნენ. მათი გეგმით, რაც ისრაელში მოხდა, ის დასავლეთის ფინანსურ და სამხედრო რესურსებს შუაზე გაყოფდა და ნაწილს ისრაელს მისცემდნენ, ნაწილს უკრაინას, უკრაინა დარჩებოდა სათანადო დახმარების გარეშე და რუსეთს გაუიოლდებოდა უკრაინაში ომის მოგება. ცხადია, დასავლეთში პირველ რიგში ამერიკა იგულისხმება. მოხდა პირიქით. თუ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენთა ნაწილი უკრაინისთვის დახმარების შემცირებას მოითხოვდა, „დემოკრატებს“ და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ფულის უყაირათო ხარჯვაში ადანაშაულებდნენ, „ჰამასის“ ისრაელში შეჭრის მერე აზრი შეიცვალეს „დემოკრატებმა“. დროებით ამ დახმარების დაბლოკვა დემოკრატიის ნაწილია, მსგავსი ამერიკაში ბევრჯერ მომხდარა. ზამთრის პერიოდში რაც საჭიროა უკრაინისთვის, რომ წარმატებით განაგრძოს თავდაცვა, საამისოდ საკმარისი შეიარაღება უკვე გადასცეს. ჩვენ ველოდებით ახალ და სოლიდურ დახმარებს, რომელიც აქტიურ მოქმედებებზე გადასვლის საშუალებას მისცემს–დაიწყოს სიღრმითი ოპერაციები და გაანადგუროს რუსეთის არმია ბრძოლის ველზე.
– თანამედროვე ომების ისტორიაში, არც ერთი ქვეყნის მეთაურს, პიარი ისე ოსტატურად არ გამოუყენებია შეიარაღების, ფულის და სხვა დახმარების მისაღებად, როგორც ეს ზელენსკიმ მოახერხა. ალბათ, დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტი არ დარჩა, მისთვის დისტანციურად რომ არ მიემართა. თან ყველას დახმარებას სთხოვდა. იმდენი ქვეყნის პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდა, ეგ თავადაც არ ეხსომება.
– მეორე ფაზაზე როდესაც ვსაუბრობდით, სადაც მხარდაჭერის მობილიზება იყო საჭირო, პერსონალური როლი ზელენსკისა იყო ძალიან მაღალი, საგარეო პოლიტიკაში აჩვენა მასტერ–კლასი. ისიც ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში, მისი გარემოცვის გამო თუ ცოტა გადაიღალა, მეტი მოუვიდა პოლონეთთან მიმართებაში, ცოტა არასწორი საყვედურები უთხრა ამერიკაში, როცა იქ ვიზიტი ჰქონდა. ზელენსკი, როგორც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სახელმწიფოს ლიდერი დიდ სიმპათიებს იმსახურებს, მისი საყვედურებიც გასაგები და ასატანი იყო დასავლეთისთვის. აი, როგორც ძლიერი სახელმწიფოს პოლიტიკოსის, იგივე შინაარსის, იმავე ტონში ნათქვამი საყვედურები, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა ცუდად მიიღეს და ცივი წყალი გადაასხეს. თუმცა, სადღაც ესეც გასაგებია, რადგან ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსია.
– რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ის ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები, ვინც უკრაინის მხარეს იბრძვიან, ქართული შეიარაღებული ძალების ფუნდამენტად იქცევიან და მომავალში მათზე დაშენდება თუ არა ქართული ჯარი?
– ქართულ საინფორმაციო სივრცეში ხშირად უკრაინაში მებრძოლ ყველა ქართველს „ქართული ლეგიონის“ წევრად მოიხსენიებენ და ეს არასწორია. დიდი მადლობა „ქართულ ლეგიონს“, მაგრამ უკრაინაში ქართველები სხვა და სხვა ფორმირებებში იბრძვიან. ეს არის უდიდესი გამოცდილება. ცხადია, მათი ნაწილი მოინდომებს სამხედრო კარიერის გაგრძელებას, მაგრამ ეს უკვე ომის შემდგომი და საქართველოში პოსტ–„ქართული ოცნების“ პოლიტიკის თემაა. რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ვისაც ასაკი უწყობს ხელს და სურვილს გამოთქვამს ქართულ ჯარში სამსახურზე, დასაფიქრებელიც არ არის მათი დასაქმება. არსებობს არასწორი წარმოდგენა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები სამომავლოდ ქართულ პოლიტიკაში გარკვეული დაჯგუფების სახით უნდა შემოვიდნენ. ეს საკითხი არც კი დგას. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ თავიანთი პოლიტიკური გემოვნება აქვთ, ქართულმა საზოგადოებამ შესაფერისად უნდა დააფასოს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ, ვინც გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ეს ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს შეიტანს ქართულ შეიარაღებულ ძალებში და გააძლიერებს. ის ადამიანები,რომელებიც იქ სამეთაურო რგოლებს წარმოადგენენ და ასაკი არ შეუწყობთ ხელს, რომ ქართულ ჯარში იმსახურონ, ჩვენს სამხედრო–თეორიულ სკოლას სჭირდება მათი დიდი გამოცდილება და მიიღებენ პოლიტიკაში, შეიარაღებული ძალების რეფორმაში მონაწილეობას, ეს იქნება უდიდესი შენაძენი ქართული სამხედრო სკოლისა. თუმცა, დამსახურება არ უნდა იქცეს პრივილეგიად. მათ დიდი სკოლა ექნებათ გავლილი და პატიოსანი კონკურენციის პირობებში უნდა დასაქმდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.