რა შენდება თბილისის „ევრო პარკის“ ადგილას, რომელიც 2 წელია უფუნქციოდაა

თბილისის აკვაპარკი „ევრო პარკი“ მეორე წელია უფუნქციოდაა და მის ტერიტორიაზე სამი ბლოკისგან შემდგარი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები შენდება.
დიდუბეში მდებარე აკვაპარკი „ევროპარკი” 2007 წელს გაიხსნა და ბიზნესის რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი იოსებ შავიშვილი იყო, 100%-ის მფლობელი კი ს მოქალაქე როლანდ ისაევი.
არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, აკვაპარკის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა. გასულ თვეში კომპანიამ დემონტაჟის ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვა, თუმცა მის გვერდით უკვე დასრულდა ერთი ბლოკის მშენებლობა, მეორე ბლოკის თითქმის ნახევარი დასრულებულია, მესამე ბლოკი კი საწყის ეტაპზეა.
რაც შეეხება პროექტის დეტალებს, რომელსაც დეველოპერული კომპანია „არქი“ აშენებს. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსი ერთ 24 სართულიან და ორი 26 სართულიან შენობებს აერთიანებს.
„საცხოვრებელი კომპლექსი არქი კიკვიძის ბაღთან ნაძალადევის რაიონში იდეალურ ადგილას, კიკვიძის ქუჩაზე, მეტროსადგურ „გოცირიძედან“ და „დიდუბიდან“ 2 წუთის სავალზე მდებარეობს. კომპლექსი გამოირჩევა 15 000 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი, რომელშიც დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. არქი კიკვიძის ბაღთან ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების კომფორტს. კომპლექსში გათვალისწინებულია კომერციული ფართიც. მშენებლობაში გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი გამოიყენება, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს“, – ნათვქამია კომპანიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაში.