რა შემოსავალი აქვს შაქრის ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში?

საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელი „აგარის შაქრის კომპანიაა“, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ აგარაში მდებარე გადამმუშავებელ ქარხანას ფლობს. კომპანია შაქრის წარმოების გარდა მზა შაქრის იმპორტითაც არის დაკავებული.
„აგარის შაქრის კომპანიამ“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში შემოსავალი 71 მილიონი ლარით, 211 მილიონ ლარამდე გაზარდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც და ის 1.4 მილიონი ლარის ნაცვლად 12.6 მილიონი ლარი იყო.
ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში აგარის შაქრის ქარხანამ 86.9 ათასი ტონა ნედლეული (შაქრის ლერწამი) გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტი იყო.
კომპანიის მთლიანი შემოსავალი ასე ნაწილდება:
· საკუთარი წარმოების მზა პროდუქციის რეალიზაცია – 162.1 მილიონი ლარი, ზრდა 28%;
· საქონლის ხელახალი გაყიდვა – 37.2 მილიონი ლარი, ზრდა 188%;
· თანაპროდუქტის რეალიზაცია – 11.4 მილიონი ლარი, ზრდა 3,700%.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს „აგარის შაქრის კომპანიამ“ 16 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადა.
„ქარხნის ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ლერწმის ნედლეულის ფასსა და მზა თეთრი შაქრის პროდუქტის ფასებს შორის სხვაობაზე. შესაბამისად, თუკი ამ ორს შორის სხვაობა დიდია, კომპანიის საქმიანობა უფრო რენტაბელურია, სხვაობის შემცირების პირობებში კი ფინანსური მაჩვენებლები უარესდება“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს აგარის შაქრის კომპანიაში 51%-იანი წილის მფლობელია შპს ანატოლია თრეიდ კომპანი, 16.335%-ს ფლობს შპს ნირეზოუნ-საქართველო, 24.497%-ს შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპი, ხოლო დარჩენილ 8.168%-ს კი ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედ /არაბთა გაერთიანებული საემიროები/ ფლობს. კომპანიის დირექტორი კი აზერბაიჯანის მოქალაქე ალხან ალიზადაა.