რა შემთხვევაში შეწყვეტენ “ევოლუშენის” გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას – ახალი ულტიმატუმი კომპანიას

ცნობილი ხდება, თუ რა შემთხვევაში შეწყვეტენ “ევოლუშენ ჯორჯიაში” დასაქმებული ადამინები შიმშილობას – პროტესტის არდში მოქცეულმა ახალგაზრდებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არაგაფიცულ თანამშრომლებს იძულებით გაცდენილ დღეებს სრულად აუნაზღაურებს, გაფიცულები სათავო ოფისს დატოვებენ.
შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხვონით ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები “პირველებთან” აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც გაფიცულებმა აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის შენობის შესასვლელის ბლოკირება სცადეს და დასაქმებულებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასიდან თანხა ჩამოაჭრა.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გაფიცულებსა და დასაქმებულებს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობა იყო, აქედან გამომდინარე, პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ საჭიროა ურთიერთობების დარეგულირება და დაპირისპირების აღმოფხვრა, რათა კომპანიამ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიოს.
კომპანიის ადმინისტრაციის მიერ უყურადღებოდ დარჩენილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ წაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, შიმშილობას შეწყვეტენ, კომპანიის სათავო ოფისს დატოვებენ და პროტესტს კარვებში გააგრძელებენ.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ კომპანიას შემდეგი შემოთავაზება გავუკეთოთ. თუ “ევოლუშენი” არაგაფიცულ თანამშრომლებს აუნაზღაურებს ცვლებს, რომელიც არ ჰქონდათ ანაზღაურებადი იძულებუთი გაცდენის გამო და კომპანიას აქვს კანონით ვალდებულება, რომ აუნაზღაუროს, ამ შემთხვევაში, ჩვენ, მოშიმშილეები შევწყვეტ შიმშილს და დავტოვებთ სათავო ოფისის ტერიტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ შიმშილს იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
ცნობისთვის, გაფიცვის 45-ე და შიმშილობის მე-13 დღე – “ევოლუშენ ჯორჯიაში” უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ხმაურიანი პიკეტის მიუხედავად, დასაქმებულების მოთხოვნები ამ დრომდე არ სრულდება და მეტიც, ქუჩაში საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანია მთელ რესურს პროტესტის შესაკავებლად ამობილიზებს.