რა შემთხვევაში აქვს მუნიციპალიტეტის თანამშრომელს ავტომობილის დაცულ პარკინგზე გადაყვანის უფლება – იურისტი პარკირების წესების შესახებ

იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში თბილისში პარკირების წესებსა და მძღოლების უფლებებზე ისაუბრა.
მან განმარტა, თუ როდის აქვს უფლება მუნიციპალიტეტის თანამშრომელს რომ ავტომობილი დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანოს.
„არსებობს 5 შეზღუდვა, რომლის დროსაც მუნიციპალიტეტის თანამშრომელს უფლება აქვს დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანოს მანქანა:
პირველი, როცა ავტომობილი იმყოფება „დგომა აკრძალულია ან გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის მოქმედების ზონაში. ავტომობილის მძღოლი არ იმყოფება ან არ სურს ავტომობილის გაყვანა და ამ დროს ეს მანქანა ხელს უშლის მოძრაობას, ქმნის საცობს ან საავარიო მდგომარეობას.
მეორე – თუ ავტომობილი გაჩერებულია ზონალურ ფასიანი პარკირების ტერიტორიაზე 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური.
მესამე – თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალური პარკირების ტერიტორიაზე და მანქანას არ აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი.
მეოთხე – თუ ავტომობილის პარკირება ზოგადად ხელს უშლის მოძრაობას და ქმნის საცობს ან ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი.
მეხუთე – დედაქალაქის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სხვა წესების დარღვევების შემთხვევაში“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.
იურისტის პოზიციით, კანონი ხარვეზიანია სწორედ მეხუთე ტიპის შემთხვევებში, რადგან არ არის განსაზღვრული, თუ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული რომელი სხვა წესების დარღვევისთვის არის ჯარიმის დაწერა კანონიერი.
მისი თქმით, კანონში ასევე არ არის განმარტებული, რას ნიშნავს ტერმინები „აფერხებს მოძრაობას“, „ქმნის საცობს“, „ქმნის საავარიო მდგომარეობას“, რაც ასევე ხარვეზად უნდა იყოს მიჩნეული.
როგორც მან აღნიშნა, იმ დროს, როცა დარღვევის შემთხვევაში მძღოლი იმყოფება ადგილზე და დაინახავს, რომ მისი მანქანა თუნდაც ევაკუატორზე არის აყვანილი, მას უფლება აქვს მოითხოვოს მანქანის ჩამოყვანა და თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, მოქალაქემ უნდა დარეკოს საპატრულო პოლიციაში. მძღოლის ადგილზე ყოფნისას მუნიციპალიტეტის თანამშრომელს მხოლოდ ჯარიმის დაწერის უფლება აქვს.
იურისტმა ასევე განმარტა, რომ იმ ადგილებში, სადაც ელექტროძრავიანი ავტომობილების გაჩერების ნიშანი დგას, საწვავის ძრავით მომუშავე ავტომობილებს გაჩერების უფლება არ აქვთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
ასევე აკრძალულია პარკირების ფასიან ზოლში ავტომობილით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება (პროდუქტის გაყიდვა და სხვა). აღნიშნული დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 200 ლარს.
ზოგადად, თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარია.
ამავდროულად თბილისში, ფასიან საპარკინგე ადგილებზე აკრძალულია სატვირთო მანქანების გაჩერება. ამ შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.
მისივე თქმით, ზონალურ საათობრივი პარკირების ზონებში არის შემთხვევები, როცა მძღოლები აპლიკაციით სარგებლობას ვერ ახერხებენ, ასეთ დროს მათ უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე, ოპერატორს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ აპლიკაციას აქვს პრობლემა და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანამშრომელს ჯარიმის დაწერის უფლება არ აქვს.
თუ მოქალაქეს სურს პარკირების ჯარიმის გასაჩივრება, მან პირველ რიგში უნდა გამოითხოვოს სამართალდარღვევის აქტი, რომლის საფუძველზეც ჯარიმა დაიწერა და ამ აქტით უნდა მიმართოს მერიას განცხადების შესაბამისი ფორმით. მერიის პასუხის მიღების შემდეგ, მოქალაქე თავად წყვეტს მიმართავს თუ არა სასამართლოს.