რა შემთხვევაშია პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი, თუ მას ცოფი დაუდასტურდა. ამ თემაზე ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საუბრობს.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანების ხარისხს, პირველ რიგში, განსაკუთრებით მაღალი რისკია იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ნაკბენი და კანზე ხილული ჭრილობაა.
ძირითადად, ვირუსი ცხოველის ნერწყვში იმყოფება, ამიტომ, თუ არსებობს რისკი, რომ ნერწყვი მოხვდა ჭრილობაში, მაშინ ეს ყველა შემთხვევაში მაღალ რისკად ითვლება.
თუ ცხოველს ცოფი აქვს, ცოფის ვირუსი მაღალი კონცენტრაციით არის ცხოველის ნერწყვში, ამიტომ, თუ ნაკაწრიან კანზე მოხვდა ნერწყვი, აუცილებელი არ არის კბენა და გაკაწვრა – ესეც რისკფაქტორია.
თუ დარწმუნებული ვართ, რომ ცხოველი აცრილია, მაინც დაკვირვების ქვეშ გვყავს, რადგან აცრილ ცხოველებშიც ცოფის შემთხვევა იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია.
ასევე დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ცხოველის აცრაც ადეკვატურად, ხარისხიანი ვაქცინით არის ჩატარებული. ამის გარანტია არ არის, თუმცა მკვეთრად ამცირებს.
თუ ცხოველი დაიკარგება ან განუვითარდება არაადეკვატური ქცევა, ან ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად ზრდის რისკს და ადამიანში ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩამთავრდეს. სრული კურსი 4 ვაქცინას მოიცავს.
ვაქცინასთან ერთად ზოგ შემთხვევაში გვჭირდება ე.წ. იმუნოგლობულინი. ეს საჭიროა მაშინ, როდესაც ჭრილობა არის ღრმა და დარწმუნებული ვართ, რომ მასში ნერწყვი მოხვდა, ამ შემთხვევაში იმუნოგლობულინი ნაკბენის ირგვლივაც კეთდება.
თუ კბილით არის გაკაწრული, ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ბრჭყალით, რადგან აქ ნერწყვის ალბათობა ძალიან ცოტაა. ყველაზე მაღალი რისკია – სახე და კისერი, ანუ რაც უფრო ახლოს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, შემდეგი არის ხელი, ხოლო ნაკლებ რისკად ქვედა კიდურები მიიჩნევა“, – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ასევე პირველად დახმარებაზე, რომელიც ცხოველის მიერ დაზიანებულ ადამიანს უნდა გაეწიოს:
„როდესაც ცხოველთან კონტაქტის შემდეგ გვაქვს კანის მთლიანობის დარღვევა, ჩანაჭდევი აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს ჩამობანა წყლით და საპნით ხანგრძლივად, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, [მითია, რომ ამ დროს ყველაზე ეფექტიანი სარეცხის საპონია], შემდეგ დავამუშაოთ სპირტით ან იოდით და არ შევახვიოთ. თუ ჭრილობა სისხლმდენია, შემდეგ უკვე ქირურგიული დამუშავება სჭირდება.
არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე დაგვიანებულია და აზრი აღარ აქვს, ნებისმიერ დროს, როდესაც ვაქცინაცია რაღაც მიზეზის გამო შეფერხდა, ის მაინც უნდა ჩატარდეს. ინკუბაციური პერიოდი შესაძლოა თვეებიც გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დაველოდებით. ამიტომ არის მინიმალური ვადა – 10 დღე.
თუ არის ცოფი, 10 დღის განმავლობაში ქცევა იცვლება ან ცხოველი კვდება.
სამწუხაროდ, თუ ცოფი პაციენტს უკვე ნამდვილად აქვს და უკვე ინფიცირდა, დაზიანდა ნერვული სისტემა, მისი გადარჩენა შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.