რა შემთხვევაზე საუბრობს გვანცა დარასელია: “მინდა გითხრათ, რომ თავს ვგრძნობ სუპერ-ახალგაზრდად, მაქვს უამრავი ენერგია, იდეა…” – Marao
“ახლა ვიყავი კლინიკაში, თანამშრომლები გამომელაპარაკნენ, რატომ აღარ ჩანხარ ეკრანზეო, ერთმა მკითხა, მეორემ უთხრა, ალბათ, ახალგაზრდებს დაუთმო ადგილიო. მინდა გითხრათ, რომ თავს ვგრძნობ სუპერ-ახალგაზრდად, მაქვს უამრავი ენერგია, იდეა და გეგმა. საერთოდ, მგონია, რომ ჩვენ, 30-დან 40-წლამდე ადამიანები, მეც ამ შუალედში ვარ ახლა, ვართ ამ ქვეყნის გამწევი ძალა – ეკონომიკურად, მორალურად, ყველანაირად, ასე, რომ თავი მაღლა! მთავარია, რომ ხელი არ შეგვიშალონ და ნერვები არ მოგვიშალონ, თორემ ყველაფერს შევძლებთ”, – ამბობს ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
გვანცა დარასელია ახლა ტელევიზიის მიღმა საქმიანობს – მან რადიოში გადაინაცვლა და საყვარელი ხმის მოსმენა დღეს “ქალების რადიოში” შეგიძლიათ. გვანცას ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, თუმცა გავიხსენოთ, როგორ გაიცნო ის წლების წინ ფართო საზოგადოებამ.
გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც 1989 წლის 1 სექტემბერს დაიბადა. ის ფართო საზოგადოებამ 2008 წელს გაიცნო, როდესაც საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო „მის სამყარო“-ს კონკურსში.
· კარიერა
გვანცამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში 2008 წელს დაიწყო მუშაობა და 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემის წამყვანი იყო, მათ შორის „სხვა შუადღე“. 2023 წელს მან არხი დატოვა, რათა დრო დაეთმო ოჯახისთვის და ახალი გამოწვევებისთვის. მოგვიანებით, იგი „პირველ არხზე“ მუსიკალური შოუ „ვოისის“ წამყვანად გამოჩნდა. დღეს მისი საქმიანობა რადიომაუწყებლობას მოიცავს – გვანცა “ქალების რადიოს” ხელმძღვანელი და წამყვანია.
· პირადი ცხოვრება
გვანცა დარასელია დაქორწინებულია ვახო მჭედლიძეზე. მათ ორი შვილი ჰყავთ – ერეკლე და ლილე. გვანცა შვილების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და მათთან ერთად გადაღებულ კადრებსაც ხშირად აქვეყნებს. გვანცას მეუღლე ბიზნესმენია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოცნება აისრულა და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ოჯახი ამის გამო ხშირად მოგზაურობს და ჩეხეთსაც წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს.
“ბედნიერება ის კი არ არის, რომ გვანცა პოპულარულია, მიხარია, რომ ის საზოგადოებას უყვარს. ამას ჩემი პაციენტებისგან ვიგებ, რომლებიც კლინიკაში მოდიან, – უდიდეს სითბოს გამოხატავენ ხოლმე. მეუბნებიან, რომ არის ჭკვიანი, განათლებული… დედას მეტი რა უნდა?” – ამბობდა გვანცა დარასელიას დედა, ნატა ღეჩუაშვილი, რომელიც პროფესიით ექიმია და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.
