ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის პარამეტრები შეიცვალა – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი.
შეიცვლება ახალი პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვლება და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება.
მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.
“ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” განაცხადის თანახმად, პორტის სხვა ტექნიკური მახასიათებლები და მისი ტვირთგამტარობის მაჩვენებლები უცვლელად შენარჩუნდება. მეტიც, გემების მაქსიმალური ტვირთამწეობა 10,000 TEU-დან 10,600-მდე უნდა გაიზარდოს.
ასევე მოდიფიკაცია შეეხო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების პროცესში წარმოქმნილი ფსკერული მასალის რაოდენობებსაც. სანავიგაციო უბანზე 20 მილიონი მეტრ კუბის ნაცვლად განახლებული ბათიმეტრიული კვლების მიხედვით ამოსაღები მასალა 7 მილიონ მეტრ კუბს შეადგენს.
ანაკლიის პორტში საქართველოს მთავრობა 51%-იანი წილის მფლობელი იქნება, საერთაშორისო ინვესტორი კი 49%-ის, თუმცა პორტის პირველ ეტაპზე $600 მილიონის ინვესტირების ვალდებულება სწორედ პორტის ინვესტორს ექნება.
პროექტის ფარგლებში ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აქვს საქართველოს მთავრობასაც. გასულ წელს მთავრობამ გააფორმა კონტრაქტი კომპანია Jan De Nul-თან, რომელმაც პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და პორტის არეალის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოება დაიწყო.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. 2026 წელს კი სახელმწიფო ინვესტიციები 180 მილიონი ლარი უნდა იყოს.
თუმცა, ამ დრომდე უცნობია ვინ იქნება ანაკლიის პორტის მთავარი ინვესტორი, რადგანაც საერთაშორისო კონკურსში CCCC-ის უპირატეს მონაწილედ დასახელებიდან, ანუ 2024 წლის 29 მაისიდან თითქმის ერთი წელია გასული და მხარეები ამ დრომდე მართავენ მოლაპარაკებებს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს მთავრობის მიერ ინვესტორისთვის კომერციული რისკის დაზღვევის საკითხი, რაზეც წინასწარ გაკეთდა განცხადება რომ მთავრობა პროექტზე კომერციული გარანტიების გაცემას არ გეგმავდა.
ამასთან, 2025 წელს ცნობილი გახდა რომ მთავრობას მოლაპარაკებები აქვს კიდევ სხვა კომპანიასთანაც, რომელიც შესაძლოა CCCC-ის კონსორციუმს შეემატოს. თავად CCCC პროექტთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს.
bm.ge
