რა შედეგით დასრულდა ხულო-თაგოს საბაგიროს აღდგენაზე ბაზრის კვლევა?

ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის აღდგენა იგეგმება. პროექტისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ბაზრის კვლევა დასრულდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დეველოპერულმა კომპანიამ, მათ შორის ავსტრიულმა, ფრანგულმა, შვეიცარიულმა, იტალიურმა და ქართულმა.
„თაგოს საბაგიროს რეკონსტრუქციის ფარგლებში, ტექნიკურად გაუმართავი არსებული სადგურების დემონტაჟი და ახალი თანამედროვე სტანდარტების სადგურების მშენებლობა იგეგმება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტი, საბაგირო გზით დასახლებული პუნქტების დაკავშირების აღდგენას, მისი უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, მგზავრთა გადაადგილების გამარტივებას და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილე კომპანიების უდიდესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ადგილზე 10-ადგილიანი, რევერსული ტიპის, ორგონდოლიანი საბაგიროს მშენებლობას.
„პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ბაზრის კვლევა. გამოკითხვაში ავსტრიულმა, ფრანგულმა, შვეიცარიულმა, იტალიურმა და ქართულმა, ჯამში ექვსმა დეველოპერულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
კვლევაში მონაწილე სუბიექტების უმრავლესობა ორგონდოლიან, 10 ადგილიან, რევერსული ტიპის საბაგირო ხაზის მოწყობას ანიჭებს უპირატესობას“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ინფორმაციისთვის, საბაგირო ხაზი განთავსებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის მაღალმთიანეთში. ის აკავშირებს დაბა ხულოს რთულად მისაწვდომ სოფლებთან, როგორებიცაა: თაგო, ჩაო, ძმაგულა და ფაჩხა, სადაც 180 ოჯახზე მეტი ცხოვრობს.
არსებული საბაგირო ხაზი უსაყრდენო კონსტრუქციისაა. ეს საბაგირო გზა ევროპაში უსაყრდენო საბაგიროებს შორის მეორე ადგილზეა. საბაგირო გზის სიგრძე შეადგენს 1720 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 350 მეტრია.
საბაგიროთი მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 8 წუთს. მაშინ როცა, საბაგიროს გარეშე, აღნიშნულ პუნქტებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისათვის საჭიროა 1 საათზე მეტი დრო.
საბაგირო ხაზის მუშაობისათვის მოწყობილია ორი სადგური, დაბა ხულოსა და სოფელ თაგოში. ობიექტის მშენებლობა დაიწყო 1979 წელს. ექსპლუატაციაში კი შევიდა 1985 წელს. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ტექნიკური შეუსაბამობების გამო, ობიექტის ექსპლუატაცია შეჩერებულია.