სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა უკრაინის უპრეცედენტო შეტევა რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე.
შეხვედრა თურქული მხარის მედიაციით გაიმართა და საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.
„საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა იძულებით გადაასახლა და უკანონოდ გაიყვანა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკვე მარტში, ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა 30-დღიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისთვის. უკრაინელი ბავშვების დაბრუნება არის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი და ნდობის საკვანძო ელემენტი — პირველი ტესტი გულწრფელი განზრახვების დასადასტურებლად. ველით პასუხს. ბურთი რუსეთის მოედანზეა“, — დაწერა ერმაკმა „ტელეგრამში“.
The Economist-ის ჟურნალისტი ოლივერ კეროლი ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ კიევის მოთხოვნას ასე უპასუხა: „ნუ დგამთ სპექტაკლს გულგატეხილი ევროპელი მოხუცი ქალბატონებისთვის, რომლებსაც საკუთარი შვილები არ ჰყავთ“.
Ukrainian side passed on list of 100s of children deported to Russia. A source with knowledge of the exchanges says head of Russian delegation Vladimir Medinsky responded thus: “Don’t put on a show for bleeding-heart European old ladies with no children of their own” (2/3) — Oliver Carroll (@olliecarroll) June 2, 2025
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების დროს ვილნიუსში, ნატოს აღმოსავლეთ და ნორდიკული ქვეყნების სამიტში მონაწილეობდა, თქვა, რომ ტყვეების ახალი გაცვლა მზადდება.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ რუსეთი დასთანხმდა მხოლოდ ტყვეების გაცვლაზე და არა ცეცხლის შეწყვეტასა და ლიდერების შეხვედრაზე. კერძოდ, საუბარია ყველა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების 6000/6000-ზე დაბრუნებაზე“, — თქვა უმეროვმა.
წინასწარი ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ ჩანიშნულა, თუმცა კიევმა კიდევ ერთი შეხვედრის 20-30 ივნისს შორის პერიოდში გამართვა შესთავაზა.
