4 საათზე მეტხანს გაგრძელდა აშშ–რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა ელ-რიადში, საუდის არაბეთში.
რუსეთის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ, შეერთებულ შტატებს — სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
ელ-რიადში გამართულ შეხვედრაზე ამერიკული და რუსული მხარე მხარეები ერთმანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირების აღდგენაზე და უკრაინის კონფლიქტზე მომლაპარაკებელი ჯგუფების დანიშვნაზე შეთანხმდნენ.
უფრო კონკრეტულად, მარკო რუბიომ თქვა, რომ შეთანხმება შედგა შემდეგ პრინციპებზე:
· ვაშინგტონსა და მოსკოვში შესაბამისი მისიების ფუნქციონირების აღდგენა — „იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ გავაგრძელოთ მოძრაობა ამ გზით, უნდა გვქონდეს დიპლომატიური ობიექტები, რომლებიც ნორმალურად მუშაობენ და ფუნქციონირებენ“;
· „მაღალი დონის ჯგუფის შექმმა ჩვენი მხრიდან, რათა დავეხმაროთ მოლაპარაკებებს და ვიმუშაოთ უკრაინაში კონფლიქტის ისე დასრულებაზე, რომელიც მისაღები იქნება ყველა ჩართული მხარისთვის“.
· „დავიწყოთ მსჯელობა, ფიქრი და შესწავლა როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას“.
· ჩვენ ხუთნი, რომლებიც დღეს აქ ვიყავით ვაპირებთ დავრჩეთ ამ პროცესში ჩართული, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ნაყოფიერად წარიმართება”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ სამი ძირითადი შეთანხმება იქნა მიღწეული:
· ელჩების დანიშვნა ორივე ქვეყანაში, რათა რაც შეიძლება მალე მოხსნას დიპლომატიური მისიებისთვის დაბრკოლებები, მათ შორის საელჩოებისთვის საბანკო გადარიცხვების შეზღუდვები;
· უკრაინაზე დარეგულირების პროცესის დაწყება — „აშშ შეგვატყობინებს, ვინ წარმოადგენს ვაშინგტონს. როგორც კი გავიგებთ მათ სახელებს, ჩვენც დავნიშნავთ ჩვენს მონაწილეს“, — თქვა ლავროვმა.
· პარალელურად, პირობების შექმნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სრულფასოვნად აღდგეს და სხვადასხვა სფეროზე გაფართოვდეს.
„ძალიან სასარგებლო საუბარი იყოს. ჩვენ არა მარტო ვუსმენდით, არამედ გვესმოდა ერთმანეთის. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ამერიკული მხარისთვის ახლა უკეთ გასაგებია ჩვენი პოზიცია“, — თქვა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ეკონომიკურ ნაწილზე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი, რომელმაც ოპერატიულად მოგვარებადი პრობლემების პრეზენტაცია გამართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთთან გეოპოლიტიკური პარტნიორობის შესაძლებლობაზე და თქვა, რომ თუ უკრაინაში ომი მისაღებად დასრულდება, „არაჩვეულებრივი შესაძლებლობები“ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე, რუსეთისთვის.
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ არ აპირებს წინმსწრებ შეთანხმებას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე და ასეთი საკითხები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დახურულ ოთახებში რთული დიპლომატიის მეშვეობით წყდება. რუბიოს თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა ყველასთვის მისაღები თანხმობა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გაგრძელება და „კომუნიკაციის ხაზების დამყარება“.
„დღეს არის გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯი, მაგრამ მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ტრამპი მზად არის დაასრულოს ეს კონფლიქტი. და მას სურს დასრულება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, მდგრადი და გამძლე და არა ისეთი, რომელიც ორ-სამ წელიწადში მორიგ კონფლიქტს გამოიწვევს“, — განაცხადა რუბიომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები, როგორც „უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“.
ზელენსკიმ გააუქმა საუდის არაბეთში დაგეგმილი ვიზიტი და თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება ამერიკის დელეგაციის ჩამოსვლას კიევში ამ კვირის ბოლოს და რომ ის არ დაჰყვება რუსეთის ულტიმატუმებს.
