რა ღირს საქართველოს ეროვნული ნაკრების ბრენდირებული მაისურები და სხვა აქსესუარები?

ევრო 2024-ის მიმდინარეობის პარალელურად, გაიზარდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ბრენდირებულ მაისურებსა და სხვა აქსესუარებზე მოთხოვნა. „კომერსანტი“ ფასებით დაინტერესდა.
საქართველოს ნაკრების ოფიციალურ Fanshop-ში წინა წლის ნაკრების მაისურები ფასდაკლებით 150 ლარი ღირს, ხოლო ისეთი მაისურები, როგორიც მიმდინარე ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფეხბურთელებს მოედანზე აცვიათ – 220 ლარი. გაყიდვაშია შავი, წითელი და თეთრი შავში მაისურები.
გაყიდვაშია ასევე ფან-მასურები, სადაც ქართველი ფეხბურთელებთან დაკავშირებული დასამახსოვრებელი მომენტებია ასახული – „კვეკვე“ პენალტის დარტყმისას, საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ხალხის წინაშე დაჩოქილი „მამარდა“ და ბუდუ ზივზივაძე მისი სახასიათო ჟესტით. ეს ფან-მაისურები 65 ლარი ღირს.
Fanshop-ში ფასები 5 ლარიდან იწყება და 220 ლარამდე მერყეობს. საყვარელი ფეხბურთელების გამოსახულებიანი მაისურების და სხვა ბრენდირებული სამოსისა და აქსესუარების შერჩევა და ყიდვა ონლაინაა შესაძლებელი.
ბრენდირებული და ფეხბურთელების გამოსახულებიანი რვეულების და ბლოკნოტების შეძენა 5-18 ლარადაა შესაძლებელი. საგულშემატკივრო შარფები 30-35 ლარი ღირს, ზურგჩანთები – 40 ლარი ღირს, კეპები – 45.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მესამე ნაკრებს პორტუგალიასთან დღეს გამართავს. თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.