რა ღირს საახალწლო წარმოდგენების ბილეთები?

სადღესასწაულო დღეებში წარმოდგენების და კონცერტების დასაგეგმად აქამდე თუ ვერ მოიცალეთ, დრო ჯერ კიდევ გაქვთ. სპეციალური საახალწლო შოუები, სპექტაკლები და კონცერტებია თბილისის თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ცირკში. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ პეტრე ჩაიკოვსკის ორმოქმედებიანი ბალეტია. საახალწლოდ „მაკნატუნაზე“ თუ გსურდათ წასვლა, უკვე დაგაგვიანდათ. საბალეტო წარმოდგენები თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში 21 დეკემბრიდან 2024 წლის 14 იანვრის ჩათვლითაა დაგეგმილი და ყველა ბილეთი გაყიდულია.
მთაწმინდის პარკში საახალწლო ღონისძიებების მოსაწვევი 25 ლარი ღირს. მოსაწვევის გამოყენება შესაძლებელია 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით. ამ ფასში შედის სანტა-კლაუსის საჩუქრები, ატრაქციონები, თეატრალური წარმოდგენა, ანიმატორები, ილუზიონისტის შოუ და საბავშვო კონცერტები.
საახალწლოდ თბილისის ცირკში ევროპიდან და ყაზახეთიდან მოწვეული არტისტები გამართავენ საცირკო წარმოდგენას „ჯადოსნური სამეფო“. პირველი შოუ 23 დეკემბერს გაიმართება. დღეში 2 წარმოდგენაა დაგეგმილი. ბილეთის ფასი 15-დან 50 ლარამდეა.
თეატრი
რაც შეეხება თეატრებს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი მაყურებელს ჩარლზ დიკენსის ცნობილი ზღაპრის მუსიკალურ ვერსიას – „საშობაო სიმღერას“ სთავაზობს (ბილეთს ფასები 25.5-დან 30 ლარამდეა);
ილიაუნის თეატრი – „ჩარლი და შოკოლადის ქარხანას“ (ბილეთის ფასი 21-დან 25 ლარამდეა);
გრიბოედოვის თეატრი „მაკნატუნას“ (ბილეთის ფასი 35-დან 40 ლარამდე) და „თოვლის დედოფალს“ (ბილეთის ფასი 10-დან 20 ლარამდე);
თავისუფალი თეატრი – „სიყვარულით ელფებისაგან” (ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია Et Cetera, ბილეთის ფასები 17-22 ლარი).
მუსიკა
რაც შეეხება საახალწლო მუსიკალურ პროგრამას, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი მაყურებელს 24 დეკემბერს „საშობაო კონცერტს“ სთავაზობს. ბილეთის ფასები 15-დან 30 ლარამდეა;
თბილისის საკონცერტო დარბაზი 21-დან 26 დეკემბრის ჩათვლით სუხიშვილების კონცერტს უმასპინძლებს. ბილეთის ფასები 30-დან 80 ლარამდეა;
ს სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრის საოპერო დასი 20 დეკემბერს საახალწლო გალა კონცერტს მართავს. ბილეთის ფასი 15 ლარია.
კინო
კინომოყვარულებს ვურჩევთ ნახონ მუსიკალური ფენტეზის ჟანრის ფილმი „ვონკა“, რომელიც როალდ დალის ზღაპრის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანას“ კინოადაპტაციის – „ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანას“ (1971) პრიკველია. ფილმში მთავარ როლს ტიმოტი შალამე ასრულებს.
მეორე ფილმი, რომელიც თბილისის კინოთეატრებში წინასაახალწლოდ გამოჩნდა იაპონელი საკულტო რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის ბოლო ანიმაციაა „ბიჭი და ყანჩაა“. ფილმებზე ბილეთის ფასები 11-სან 20 ლარამდეა.
„კომერსანტი“ საახალწლო ღონისძიებებზე ინფორმაციის შეგროვებას აგრძელებს.