რა ღირს საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები?

საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების ფასები 2 ლარიდან იწყება და 200 ლარს აჭარბებს. მაგალითად, საყვარელი მულტფილმის გმირის – თოვლის გუნდას მინის ნაძვის ხის სათამაშო 162,50 ლარი ღირს.
„გორგიაში“ სათამაშოების ფასები 1.90-დან 11 ლარამდეა, კომპლექტის ფასები – 14-დან 16 ლარამდე; Vendoo-ზე ფასები 2.50-დან 60 ლარამდე მერყეობს; Veli Store-ზე – 4.95-დან – 225 ლარამდე. შედარებით იაფია საახალწლო მოსართავები ბაზრობებსა და გარე მოვაჭრეებთან, უფრო ძვირია ხელნაკეთი კერამიკის სათამაშოები. მაგალითად, „კრატერში“ ხელნაკეთი კერამიკის სათამაშოების ფასები 25 ლარიდან იწყება, კომპლექტები 80-დან 130 ლარამდე ღირს.
მინანქრის ხელოვნების გალერეა „ორნამენტმა“ საშობაოდ ქვევრის ნაძვის ხის მინანქრის სათამაშოები შექმნა, რომელთა ფასი 170 ლარია. მინანქრის არტისტმა თეა გურგენიძემ მინიატიურული ქვევრების შექმნისას სპილენძი, თითბერი, კაკლის ხე, მინანქარი, ოქროს და ვერცხლის ფოლგა გამოიყენა.
გალერეაში სხვა ძვირფასი მასალისგან შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოებიც იყიდება. მინიატიურული ანგელოზების ფასები, რომელიც დაახლოებით იგივე მასალისგან – სპილენძის, ხის, მინანქრის, ვერცხლისა და ოქროს ფოლგებისგანაა შექმნილი 170-დან 200-250 ლარამდეა. გაყიდვაშია ასევე მინიატიურული ნაძვის ხეები. როგორც გალერეის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში თქვა, გასულ წელს მხოლოდ ანგელოზი სათამაშოები ჰქონდათ გაყიდვაში, მოთხოვნის გამო წელს ნაძვის ხეები და ქვევრები დაამატეს და სხვა სათამაშოების დამატებასაც გეგმავენ.