რა ღირს ზაფხულის საკრუიზო მოგზაურობა?

საკრუიზო კომპანიის „კრუიზერი“ გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, საკრუიზო მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია და მსურველებმა ჯავშნები მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა გააკეთონ. ამის შესახებ ნინო სოხაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.
კომპანიის ხელმძღვანელი პოპულარულ მიმართულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ 2026 წლისთვის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია.
„მიმდინარე სეზონზე, ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, თუნდაც ადრიატიკის მიმართულებით ძალიან აქტუალურია. ზაფხულის პერიოდში, ავიაბილეთების ფასი მაღალი მოთხოვნის გამო საკმაოდ მაღალია. თანაც, კრუიზს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჯავშნიან. კრუზის დაჯავშნა ძალიან ადრე იწყება. მაგალითად, კრუიზის 2026 წლის კალენდარი უმეტეს საკრუიზო კომპანიებში უკვე გახსნილია. შესაბამისად, დღეს უკვე შეგვიძლია 2026 წლის დაგეგმვაც.
აქედან გამომდინარე, მომხმარებელი რაც უფრო ადრე დაჯავშნის, უფრო მეტი მოგებაა, როგორც მიმართულებების, ასევე კაიუტას ტიპის არჩევანის კუთხით. პირობითად, მგზავრისთვის შეიძლება ილუმინატორიანი კაიუტა იყოს მისაღები, თუმცა აგვისტოში ამ ტიპის კაიუტაზე ფიზიკურად ადგილი ვეღარ გამოინახოს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე სწრაფად ილუმინატორიანი კაიუტები იჯავშნება, რაც მისი ღირებულების ოპტიმალურობითაა განპირობებული. ძირითადად, ადგილები აივნიან კაიუტებზეა ხოლმე, რაც ბუნებრივია მომხმარებლის ბიუჯეტს ზრდის. მიმდინარე სეზონზე, სრული ტურის საშუალო ღირებულება, რომელიც ავიაბილეთს, ერთ ღამეს სასტუმროში და კაიუტას მოიცავს, სადღაც 1500 ევროდან იწყება.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფასები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მნიშვნელოვნად დაახლოებით 40%-ით იკლებს. პლუს ამას, ოქტომბერში უფრო მეტი შეთავაზებები იწყება უკვე ნაკლებ ღამიანი განთავსებით, რაც მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა 7-ღამიან კრუიზთან შედარებით. არჩევანი მეტია, ავიაბილეთების თვალსაზრისითაც. ამინდების თვალსაზრისითაც, ჩვეულებრივ საზაფხულო ამინდებია და ვუწევთ რეკომენდაციას“, – აცხადებს კომპანიის მენეჯერი.
bm.ge