რა ქონება აქვს თბილისის ახალ ვიცე-მერს?
თბილისის ვიცე-მერის პოსტი გიორგი ტყემალაძემ დაიკავა, რომელიც აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ტყემალაძე ახალ თანამდებობაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა. „ბიემჯი“ ჩინოვნიკის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს:
გიორგი ტყემალაძე საკრებულოში უწყვეტად, 2007 წლიდან დღემდე საქმიანობდა 18 წლის განმავლობაში (მესამე; მეოთხე; მეხუთე; მეექვსე და მეშვიდე მოწვევის საკრებულოებში). ამასთან, ტყემალაძე 2017-2021 და 2021-2025 წლებში საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2014-2017 წლებში კი ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. გიორგი ტყემალაძე პარტია “ქართულ ოცნებაში” შესვლამდე პარტია “თოფაძე-მრეწველების” წევრი იყო, სწორედ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა ის 2007-2010 და 2010-2014 წლის ქალაქ თბილისის საკრებულოებში.
გიორგი ტყემალაძის მამა ზურაბ ტყემალაძე რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო – 1999-2004; 2004-2008 წლებში გოგი თოფაძის პარტია მრეწველების სიით, ხოლო 2012-2016 წლებში კი ქართული ოცნების კოალიციაში ფრაქცია მრეწველების სიით. ამასთან, ზურაბ ტყემალაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ტყემალაძეს როგორც საკრებულოს წევრს ქონებრივი დეკლარაცია არაერთხელ აქვს შევსებული. ამ დროისთვის მისი უკანასკნელი დეკლარაცია რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი 2024 წელს არის შევსებული და ის 2022 წელს მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს ასახავს. აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარეს მამამ ზურაბ ტყემალაძემ ჯერ 20,000 ლარი, შემდეგ კი 50,000 დოლარი აჩუქა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ტყემალაძე ფლობს 50%-ს თბილისში ჭავჭავაძის 21-ში მდებარე 198 კვადრატული მეტრის და 159 კვადრატული მეტრის ბინებში, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო. ასევე მემკვიდრეობით მიიღო 30%-იანი წილი 1442 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში ჭავჭავაძის 21 ნომერში.
ტყემალაძე ასევე ფლობს 1500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ლილოში და 50%-იან წილს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში 2000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთში.
