აშშ-ს მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ქონება Bloomberg-ს 7.6 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.
რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.
OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.
2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 27 დეკემბრისთვის ბიძინა ივანიშვილი 7.6 მლრდ დოლარის ქონებას ფლობდა. ბოლო პერიოდში მისი ქონება 50 მილიონით, ბოლო 1 წელიწადში კი 1.01 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 385-ე ადგილზეა. “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ქონებას 4.9 მილიარდ დოლარად აფასებს Forbes-ი.
რეალურად, ზუსტად რა ქონებას ფლობს დღეს ივანიშვილის ოჯახი საჯაროდ ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ მის მფლობელობაშია ხელოვნების ნიმუშების მნიშვნელოვანი კოლექცია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ შევსებული ბოლო საჯარო დეკლარაციიდან კი, რომელიც წელს შეავსო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის წინა, ირკვევა, რომ მას
კვლავ აქვს უძრავი ქონება საფრანგეთში. როგორც BMG-ის მიერ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოთხოვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, თავად ივანიშვილის სახელზე არა, თუმცა, მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე საფრანგეთში ორი უძრავი ქონება ფიქსირდება. მათ შორისაა ლა-სელ-სენ-კლუში 1 935 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთი და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლი.
ივანიშვილს თავის დეკლარაციაში მითითებული აქვს არაერთი ოფშორული კომპანია და საბანკო ანგარიშები, რომლებზეც $153.9 მილიონი დოლარი არის განთავსებული, მათ შორის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს 65.6 მილიონი დოლარი აქვს განთავსებული, ხოლო ეკატერინე ხვედელიძეს კი 88.4 მილიონი.
ამასთან, დეკლარაციაში არაა მითითებული, რომელ ბანკში არის ეს ქონება განთავსებული, ასევე არაა მითითებული ეს შვეიცარიული ბანკია თუ ქართული ბანკი.
გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ქონება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკუთვნით და მასში არაა მოცემული ის მრავალ ასეულ მილიონიანი აქტივები, რომლებსაც მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები ფლობენ, იქნება ეს სახლები, აქციები, წილები ქარხნებში თუ სხვა დანარჩენი ქონება.
ოფშორული კომპანიებიდან და ტრასტებიდან მითითებულია Frankston International-ი, Lynden Management-ი, Meadowseet Asset Limited, Sandcay Investment Limited-ი და Soothsayer Limited-ი.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილსა და მის მეუღლესთან დაკავშირებულია საქართველოში მოქმედი არაერთი კომპანია, საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” და ბანკი “ქართუ”, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია.