2024 წლის 18 თებერვალს ილია თოფურიას სახელსა და გვარს წაიკითხავდით ყველგან – ქართულ თუ უცხოურ მედიაში. ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი და ამით მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
საქართველოდან შორს გაზრდილი, მაგრამ საქართველოზე შეყვარებული ახალგაზრდა სპორტსმენი მას შემდეგ ბევრჯერ ვიხილეთ ქართულ-ესპანური დროშით მხრებზე, გავიცანით მისი ოჯახი – მშობლები, დები… თვალი ვადევნეთ მისი ოჯახის შექმნას და, სამწუხაროდ, ახლა ვისმენთ სიახლეებს მისი განქორწინების შესახებაც.
ამ უკანასკნელმა მოვლენებმა ილია თოფურია მედიის ყურადღების ცენტრში კიდეც ერთხელ მოაქცია – მაშინ, როცა თოფურიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია – ის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება – მისი პარტნიორი, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართავს.
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების, ინგა ბენდელიანისა და ზაზა თოფურიას ოჯახში დაიბადა. ინგა ბენდელიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი. მისი პირველი მეუღლე, მის ძმასთან ერთად, ომში დაიღუპა. მეორე ქორწინებაში ინგა ბენდელიანს შეეძინა ორი ვაჟი, ილია და ალექსანდრე. ორივე ძმამ სპორტული კარიერა აირჩია.
ილია თოფურია შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
· ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
· 2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
· 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი, 6-0 აქვს დამყარებული.
· 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
· 2022 წლის 19 მარტს ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
· 2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ჯორჯინა უზკატეგუი ბადელით ქართული და უცხოური მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის UFC-ის ჩემპიონთან ერთად გამოჩნდა – ჯორჯინა ილიას თან ახლდა ყველა ბრძოლის დროს, იზიარებდა მის კარიერულ წარმატებასა და წარუმატებლობას. ჩანდა, რომ ის ქართველი სპორტსმენის დიდი გულშემატკივარი იყო.
„ანტერპრენერი, ცოლი და დედა“ – თავად ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი ასე გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. ამბობდა, რომ მისი მეუღლე, ილია თოფურია, ფოკუსირებული იყო სპორტზე მაშინ, როცა თავად უძღვებოდა ოჯახის ბიზნესს. კომპანიას, სადაც ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.
„მე ვფლობ Future and Energy-ს, Future and Alakaline Water-ს და Future Home Restoration-ს, რომლებიც მაიამიში, ფლორიდაში ფუნქციონირებენ. ამჟამად ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩემს მემკვიდრეობას ვქმნი. ჩემი მეუღლე სპორტზეა ორიენტირებული, მე კი ჩვენი ოჯახის მთელ ბიზნეს სტრუქტურას ვმართავ, მათ შორის, ფინანსურ და იურიდიულ ასპექტებს. მე ბიზნესი და ფინანსები შევისწავლე და ახლა ჩემი გამოცდილება ფასდაუდებელია Topuria Brand-ის მართვაში“, – ამბობდა ის.
ის ასევე მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად, მარკეტინგის სფეროში და სწავლობდა Miami Dade College-სა და Suffolk University-ში. ეს ყველაფერი ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა 29 წლის ასაკში მოახერხა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიასთან ერთად საქართველოშიც იყოფებოდა – მან სამახსოვრო ფოტო სოციალურ ქსელშიც გააზიარა, ქართველ ხალხს კი ძლიერი, კეთილგანწყობილი, ღვთისმოშიში უწოდა: “საოცარი გამოცდილებაა – მდიდარი კულტურა და გემრიელი კერძები – დიდი მადლობა”, – დაწერა მან.
გამოცემა Sportscasting -ის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჯორჯინა უზკატეგუიმ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა. წყვილს არასდროს გაუზიარებია ინფორმაცია ოფიციალური ქორწინების შესახებ, უცნობია, ისიც, არსებობს თუ არა მათ შორის საქორწინო კონტრაქტი. ამის ფონზე კი, Sportscasting წერს, რომ უზკატეგუი თოფურიას ქონების 50%-ს ითხოვს.
ოფიციალური წყაროები ჯორჯინა უზკატეგუი ბადელის ქონებრივი დეკლარაციის ან შემოსავლის შესახებ არ იძებნება, თუმცა მის მიერ LinkedIn-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის Future and Energy-ისა და მასთან დაკავშირებული ორი კომპანიის მფლობელია. დასავლურ მედიაზე დაყრდნობით კი, ილია თოფურიას ქონება რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტია – celebritynetworth.com-ის მიხედვით, ილიას ქონება 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ცნობილია ისიც, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის თოფურიამ 350,000 დოლარი, ხოლო მაქს ჰოლოუეის დამარცხებისთვის – 2.44 მილიონი დოლარი მიიღო.
მიუხედავად პირად ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებებისა, ილია თოფურია აგრძელებს სოციალურ ქსელებში აქტიურობას, მეტიც, ის ესპანეთში ოფიციალურ საღამოებსაც ესწრება. წვეულებაზე, სადაც მასთან ერთად ევა ლონგორია, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებმა განქორწინებასა და მეუღლეზე ჰკითხეს. ილია თოფურიამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კამერებთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებს.
ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს.
ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი აქტიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გადაღებულ კადრებს, წერს სამოტივაციო ტექსტებს, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე ამ დრომდე არ საუბრობს.




